ქართლის მეფე 1525-1527 წლებში. კონსტანტინე II-ის ძე. იგი ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ, ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, მეფობა დავითის შვილზე - ლუარსაბზე უნდა გადასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფობა ხელთ უგდია მის ბიძას გიორგის. გიორგი IX-მ ილაშქრა იერუსალიმის წმიდა ადგილების უსჯულოთაგან გასათავისუფლებლად. ამ ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ იმერეთისა და კახეთის მეფეებს - ბაგრატ III-სა და ლევანს. ქართველებს სასტიკ ბრძოლაში გაუმარჯვიათ და გაუთავისუფლებიათ წმიდა ადგილები, რის შედეგადაც მიუღიათ "ქრისტეს საფლავი. გოლგოთა, ბეთლემი, ჯვარის მონასტერი და სხვანი მონასტერნი ყოველნივე.... სიგლითა მტკიცითა". გიორგი IX-ს ტახტისათვის ებრძოდა მისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე ლუარსაბი, მალე ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 1527 წლიდან საბუთებში მეფედ უკვე ლუარსაბ I იხსენიება. გიორგი IX კი 30-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და აღიკვეცა ბერად გერასიმეს სახელით.
|