ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში. ბაგრატ V-ის ძე. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი - ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება. 1403 წელს თემურლენგმა ზავი დადო გიორგი VII-თან, რომლის პირობების თანახმად ქართველთა მხარეს ხარკის გადახდა, ჯარის გამოყვანა, სამიმოსვლო გზების დაცვა ევალებოდა. სამაგიეროდ, თემურლენგი საქართველოს ხელშეუხებლობას აღუთქვამდა და ცნობდა როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. 1405 წელს თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგიმ წარმატებიტ ილაშქრა ჩრდილოეთ ირანსა და აზერბაიჯანში. გიორგი VII 1407 წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში.
|