იმერეთის მეფე 1604-1639 წლებში, ბაგრატ III-ის ძის, კონსტანტინეს უკანონო შვილი. 1615 წელს გიორგი III შაჰ-აბასისაგან ლტოლვილ ლუარსაბ და თეიმურაზ მეფეებს მასპინძლობდა და,მუხედავად შაჰ-აბასის მუქარისა, არ გასცა ისინი. გიორგი ლუარსაბს შაჰთან წასვლას არ ურჩევდა. 1615 წელს, კახეთის აჯანყებისას, იგი თეიმურაზს არაგვამდე აცილებს, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში ომის სუნი ტრიალებს. 1616 წ. თეიმურაზი კვლავ იმერეთშია. 1618 წელს გიორგი და თეიმურაზი რუსეთში ელჩობას აგზავნიან და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვენ. ამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია. გარდა იმისა, რომ მეფეს ოსმალთა გაძლიერებული აგრესიის მოგერიებაზე უნდა ეზრუნა, მას მძიმე ომი ჰქონდა ლევან II დადიანთან. 1623 წლის 9 დეკემბერს, კოჭარაულთან (ქუთაისის მახლობლად), მეფე გიორგი მთავრებს შეებრძოლა, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ ლევან II დადიანი თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოში მბრძანებლობდა. 1626 წელს ბაზალეთთან ბრძოლაში გიორგი მეფემ გიორგი სააკაძეს ზემო იმერეთის ჯარი მიაშველა. მაგრამ ამის შემდეგ იგი თეიმურაზ ქართლის მეფეს დაუმოყვრდა და მისი ასული, ზურაბ ერისთავის ქვრივი - დარეჯანი - თავისი ძეზე, ალექსანდრეზე დააქორწინა (1629). მალე ლევან დადიანმა იმერეთის დაპყრობა გადაწყვიტა, მანვე როსტომ ქართლის მეფეს თავისი და, გურიელის ცოლყოფილი მარიამი მიათხოვა, და თეიმურაზისა და გიორგის წინააღმდეგ კოალიცია შექმნა. ბრძოლა გარდაუვალი იყო. მოწინააღმდეგენი 1634 წ. კაკთან შეებნენ ერთმანეთს. დადიანმა იმძლავრა და მეფის ჯარი დაამარცხა, თვითონ გიორგი კი ოდიშში წაიყვანა ტყვედ. მამის გამოსასყიდად ალექსანდრემ ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას მდებარე ჭილაძეებისა და მიქელაძეების მამულები დადიანს დაუთმო. ამავე გარიგებით ჩიხორის ვაჭრები, ჩხარის სომხები და ებრაელები რუხში ჩაასახლეს.
|