AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი III
ერთიანი საქართველოს მეფე 1156-1184 წლებში, დემეტრე I-ის უმცროსი ძე. უფროსი ძის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამ იგი ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა, შემდეგ კი თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. ასე რომ, ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ტახტის გარეშე დარჩა. გამეფებისთანავე მეფე გიორგიმ დიდი ბრძოლები აწარმოა დვინისა და ანისისათვის. 1162 წ. მან აიღო სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი. ანისისათვის ბრძოლა კი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ საქართვეოს მეფე იძულებული გახდა დაეთმო ანისი მაჰმადიანი მფლობელებისათვის ყმადნაფიცობის პირობით. დიდებულთა თხოვნით მეფე გიორგიმ საქართველოს ლაშქარი რამდენიმე მიმართულებით გაგზავნა – ერთი მხრივ, საალაფოდ და, მეორე მხრივ, მტრის ზურგის დაზვერვის მიზნით. ასე დალაშქრეს ტაოელებმა, შავშებმა და კლარჯებმა ოლთისისა და ბანას ოლქები, მესხებმა და თორელებმა – კარისა და აშორნიის მხარეები, ამირსპასალარმა – მტკვრის მარჯვენა სანაპირო განძამდე. ლიხთიმერლებმა და ქართლის ლაშქარმა – განძიდან მოყოლებული მტკვრის ორივე ნაპირი ხლათამდე, შაჰ-არმენის სამფლობელომდე, ჰერებმა და კახელებმა – ალაზნის შესართავიდან შარვანამდე. 1167 წელს მეფე გიორგიმ ილაშქრა თავისი დისწულისა და ყმადნაფიცის შარვანშაჰ აღსართანის დასახმარებლად, რომელსაც დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიელი მფლობელები. გიორგი III-მ ქალაქები შაბურანი და დარუბანდი მტერს წაართვა და შარვანშაჰს დაუბრუნა. საშინაო ვითარების მოწესრიგების მიზნით მან მოიწვია საკანონმდებლო კრება, რომელზედაც მიღებულ იქნა კანონი “მეკობრეთა და მპარავთა” შესახებ. აღნიშნული კანონით ქურდობა-ავაზაკობისათვის დაწესდა სასჯელის უმაღლესი ზომა – ჩამოხრჩობა. 1177-1178 წლებში ადგილი ჰქონდა დიდგვარიან ფეოდალთა აჯანყებას გიორგი III-ის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგა ორბელთა ფეოდალური საგვარეულო. აჯანყებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს ამირსპასალარი ივანე ორბელი. მეფე გიორგის მათ დაუპირისპირეს დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი – სიძე ივანე ორბელისა. აჯანყებულებს სურდათ გიორგი III-ის გადაყენება და მათთვის სასურველი კანდიდატის – დემეტრეს გამეფება. გიორგი III-ის მეფობას რეალური საფრთხე დაემუქრა, რადგან აჯანყებაში მონაწილეობდა მისი პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო დიდგვარიან ფეოდალთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც სურდათ მეფის მოხელეობა პოლიტიკურ ხელისუფლებად ექციათ. შეთქმულებმა განიზრახეს სახატეს მდგარი მეფის შეპყრობა, მაგრამ მეფემ მათ ეს შეუტყო და კოჯორში მდგარ შეთქმულებს თბილისში ჩასვლა დაასწრო. მან აჯანყებულებს შეუტია და კოჯრიდან გააქცია. აჯანყებულთა ნაწილმა თანდათან იწყო მეფის მხარეს გადასვლა. მეფემ ყველას, ვინც მის მხარეს გადავიდა, დიდი პატივი სცა, დაასაჩუქრა და წყალობა უყო. დემნა ბატონიშვილი და მისი მომხრენი ლორეს ციხეში გამაგრდნენ. მეფე გიორგიმ აღნიშნულ ციხეს ალყა შემოარტყა. აჯანყებულთა რიგები თანდათან შეთხელდა, მათ დაკარგეს გარეშე სახელმწიფოებისაგან დახმარების იმედიც. სასოწარკვეთილი “დემეტრე გარდამომბმელი საბლისა,გარდამოხდა ციხისაგან”, მეფე-ბიძას ეახლა და პატიება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. მეფემ მეამბოხეები გაასამართლა. დემნა ბატონიშვილს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, ივანე ორბელს თვალები დასთხარეს; მისი სახლიდან ცოცხალნი მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ. მეფემ ორბელთა თანამდებობანი და მათი მამულები თავის ერთგულ პირებს გადასცა; ასე გახდა ამირსპასალარი მეფის ერთგული ყუბასარი, მსახურთუხუცესი და ერისთავთ-ერისთავი კი – აზნაურის ნაყმევი აფრიდონი. მეფე გიორგიმ თავისი მეფობის დასაწყისში ეკლესიას გაუუქმა დავით აღმაშენებლის დროს მიღებული საგადასახადო შეუვალობა. ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი მან აღუდგინა ეკლესიას შეუვალობა. მეფე გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ტახტის მემკვიდრე მისი ასული თამარი იყო. თამარის გამეფება მეფემ თავის სიცოცხლეშივე განიზრახა, რადგან იცოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ თამარის გამეფებას პოლიტიკური გართულება მოჰყვებოდა, რომ დიდგვაროვნები მხოლოდ დროებით სდუმდნენ. 1178-1179 წწ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა “თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ეპისკოპოსთა დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა”. გვირგვინი თამარს თვით მეფე გიორგიმ დაადგა. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გაგრძელდა 1184 წლამდე. მათი ფრესკა (XII ს.) შემორჩენილია ციხე-ქალაქ ვარძიის ეკლესიის კედელზე, რომლის მშენებლობაც მეფე გიორგი III-ის დროს დაიწყო. ერთად არიან გამოსახული მამა-შვილი ასევე ყინწვისისა და ბეთანიის ტაძრის ფრესკაზე. გიორგი III-ის მეფობის პერიოდში ააგო გეგუთის სასახლის დიდი დარბაზი, რომელიც 14 მეტრიანი დიამეტრის გუმბათით იყო დაგვირგვინებული. 1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთის სოფელ სტაგირში მყოფი მეფე გიორგი გარდაიცვალა. დაკრძალეს გელათს.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-06)
ნანახია: 1050 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება