ერთიანი საქართველოს მეფე 1359-1393 წლებში. დავით IX-ის ძე. ბაგრატ V-ის მეფობის პერიოდში (1366-67წწ.) თავი უჩენია შავი ჭირის ეპიდემიას. 1386 წელს საქართველოს თემურლენგი შემოესია. მიუხედავად ქართველთა მხრიდან გაწეული დიდი წინააღმდეგობისა, მან თბილისი მაინც აიღო (1386 წლის 21 ნოემბერი). უთვალავი და ურიცხვი ხალხი დაატყვევა. თემურლენგმა ყარაბაღში წაიყვანა დატყვევებული ბაგრატ მეფეც მეუღლე ანასთან და შვილ დავითთან ერთად და მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ გამოუშვა სამშობლოში. თემურლენგმა ბაგრატ მეფეს თან 12 000-იანი მონღოლთა ლაშქარი გამოაყოლა საქართველოს მოსახლეობის გასათათრებლად. ბაგრატ V ფარულად შეუთანხმდა თავის შვილს გიორგის და სთხოვა მას დახმარება. მართლაც, გიორგი ბატონიშვილი ჩაუსაფრდა ვიწრო ადგილებში შეყვანილ თემურლენგის მხედრობას, მთლიანად გაანადგურა და მამა იხსნა მტრისაგან. ამის საპასუხოდ განრისხებული თემურლენგი. 1387 წელს. კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ V მომზადებული დახვდა მტერს და სასტიკი წინააღმდეგობაც გაუწია. მიუხედავად ამისა ”სპითა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნეს თათარნი”. მართალია, ამ ომში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ მოასწავებდა საქართველოს დაპყრობა-დამორჩილებას. ბაგრატ V 1393 წელს გარდაიცვალა.
|