საქართველოს მეფე, 1027-1027 წლებში. ძე გიორგი I-ისა, 1022 წელს, ოთხი წლისა მძევლად წაიყვანეს ბიზანტიას. დაბრუნდა სამი წლის შემდეგ. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ცხრა წლის ასაკში. დიდი მტრობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VII-სთან განხეთქილების ვაშლი ტაო იყო. 1030 წელს დედამისი მარიამი კონსტანტინოპოლს ეწვია, მშვიდობა აღადგინა იმპერატორ რომანოზ II-სთან, მისი ძმისწული ელენე კი ცოლად ჩამოუყვანა ბაგრატს. ელენე მალე მოკვდა უშვილოდ. ბაგრატმა მეორე ცოლად შეირთო ოვსთა მეფის ასული ბორენა, რომლისგანაც შეეძინა გიორგი (შემდგომ მეფე გიორგი II), მართა (იგივე მარიამი, შემდგომ ბიზანტიის დედოფალი) და კიდევ ერთი ასული (სახელი უცნობია). 1032 წლის ბაგრატმა, ეკლეცთან ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა განძის ამირა ფალდონი. ქვეყნის შიგნით დიდი მტრობა ჰქონდა ფეოდალებთან, განსაკუთრებით კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშთან. 1037-1038 წლებში ბაგრატმა ტფილისი ალყაში მოაქცია და ის იყო კიდეც უნდა აეღო, მაგრამ სამხრეთიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევის საფრთხემ იძულებული გახადა ტფილისის ამირას დაზავებოდა. 1044 წელს ბაგრატმა წარმატებით ილაშქრა კახეთს, მაგრამ მის შემოერთებას ხელი შეუშალა ზურგიდან ლიპარიტ ბაღვაშის გამოსვლამ. 1045 წელს მეფემ ატენთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხა ტახტის მოცილე ნახევარძმა დემეტრე (ოვსის ქალისაგან), რომელსაც მხარში უდგნენ ბიზანტიელები და ლიპარიტი. 1045 წელს ბაგრატმა, სომეხთა თხოვნით, დაიჭირა ქალაქი ანისი, 1045 წელს პირველად შეიერთა ტფილისიც, მაგრამ მალე, ისევ ფეოდალთა ღალატის წყალობით, ტფილისიც დაკარგა და ანისიც. 1047 წელს, სასირეთის ჭალაზე გაართულ ბრძოლაში ლიპარიტ ბაღვაშმა დაამარცხა ბაგრატი. იმავე წელს ისევ გაიმარჯვა ლიპარიტმა არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში. 1054 წელს ბაგრატი კონსტანტინოპოლს ჩავიდა და კეისარ კონსტანტინე მონომახოსს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა ისინი დააზავა. ლიპარიტმა ბაგრატის მეფობა აღიარა, თავისთვის მესხეთისა და ქართლის ერსითავთერისთავობა დაიმტკიცა. ბაგრატი ბიზანტიაში სამი წელი დარჩა. ამასობაში, ლიპარიტის დაბეჯითებითი მოთხოვნით საქართველოს მეფედ ბაგრატის მცირეწლოვანი ძე, გიორგი გამოცხადდა, რომელსაც მზრუნველად თვითონ ლიპარიტი დაენიშნა. 1057 წელს ბაგრატი მობრუნდა ბიზანტიიდან. მალე ამის შემდეგ მესხმა აზნაურებმა ლიპარიტი შეიპყრეს და ბაგრატს მოჰგვარეს. მეფემ იგი ბერად აღკვეცა, საქართველოდან ბიზანტიაში გააძევა. ამრიგად სამეფო ხელისუფლებამ გაიმარჯვა, რაც საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერების საწინდარი იყო. 1060 წელს ბაგრატმა დროებით შემოიერთა ჰერეთ-კახეთი. 1065 და 1068 წლებში თურქ-სელჩუკებმა, სულტან ალფ-არსლანის მეთაურობით ორჯერ სასტიკად ააოხრეს საქართველო. 1069 წელს ბაგრატმა გაანადგურა საქართველოში შემოჭრილი განძის ამირა ფადლონი. იმავე წელს ბაგრატმა მეორედ აიღო ტფილისი, მაგრამ შიგ ისევ არაბი ამირა ჩააყენა და ყოველწლიურად ხარკად 44000 დრაჰკანი დააკისრა. 1070 წელს ბაგრატმა ქართველთა და მოკავშირე-მოყვარე ოვსთა ჯარები, უფლისწულ გიორგის სარდლობით, განძას შეუსია და ფადლონი ერთხელ კიდევ გაანადგურა. 1071 წელს ბაგრატის ასული მართა (მარიამი) ბიზანტიის დედოფალი შეიქნა, მისი მეუღლე მიხეილ VII დუკა პარაპინაკი, აქამდე უფლისწული, უკვე ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ჯდება. 1072 წელს, 24 ნოემბერს, მეფე ბაგრატ VI გარდაიცვალა “მუცლის სალმობით”. დაკრძალეს ჭყონდიდს. გამეფდა 9 წლისა, იმეფა 45 წელიწადი, გარდაიცვალა 56 წლის.
|