იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 95-60 წლებში. ძე კოლხი უფლისწულის ქართამის და მეფე ბარტომ I-ს ასულისა. ტახტზე ავიდა სომხეთის მეფის ტიგრან II-ის ხელშეწყობით და შესაბამისად სომხეთის ვასალი იყო. სომხეთი დიდად მძლავრობდა საქართველოზე: ძვ.წ. დაახლ. 90-85 წლისთვის ტიგრან II-მ იბერიას ჩამოაჭრა ჯავახეთი და ქვემო ქართლი. საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის მტკვარზე გავიდა. შემდეგ ძვ.წ. 74-67 წლებში არტაგ II მაშველი ჯარით ეხმარებოდა ტიგრან II-ს რომაელების წინააღმდეგ ომში. რომაელმა სარდალმა გნეუს პომპეუსმა ტიგრანი და მისი მოკავშირე პონტოს მეფე მითრიდატე დაამარცხა და იბერიას მოადგა. ძვ.წ.65 წლის მარტ-აპრილში პომპეუსი 50000-იანი არმიით შეიჭრა იბერიაში და ისე სწრაფად მიადგა მცხეთას, რომ არტაგ II-მ მხოლოდ ხიდის დაწვა და გაქცევაღა მოახერხა. მალე რომაელებიც გადავიდნენ მტკვარზე და არაგვისპირა ტყეებში შეებნენ იბერიელებს. 9000 ქართველი დაეცა. არტაგმა თავი დამარცხებულად სცნო, პომპეუსს ძღვენი და მძევლად შვილები გაუგზავნა. იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა. ამის შემდეგ პომპეუსი იბერიიდან კოლხეთში გადავიდა და კოლხეთიც დაიმორჩილა. მალე ამ ამბების შემდეგ დაახლ. 60 წელს არტაგი გარდაიცვალა. მისმა ძემ ქართამ I-მა ერთმეფობა ვერ შეინარჩუნა და იბერია ორად გაიყო ქართამს მტკვრის სამხრეთი (არმაზის სამეფო) შერჩა.
|