იმერეთის მეფე 1484-1510 წლებში. მამის - ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1478) გამეფება ვერ შეძლო მტრულად განწყობილი თავადების გამო. მათ შორის იყვნენ დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სხვა. იმერეთში შექმნილი ვითარების გამოყენება სცადა ამ დროს ქართლში გამეფებულმა კონსტანტინე II-მ, რომელსაც საქართველოს ხელახლა გაერთიანება გადაეწყვიტა. 1479 წელს თავადთა იმერეთში შემოსულ კონსტანტინეს დადიანთან ერთად იმერელ უმრავლესობა ეახლა. ალექსანდრე წინ ვერ აღუდგა მათ და თავი ციხე-სიმაგრეებს შეაფარა. ქართლის მეფემ ქუთაისის ციხე აიღო და იმერეთში გაბატონდა. ამავე დროს ქართლისა და ახალციხის დაძაბული ურთიერთობა ბრძოლით დამთავრდა. 1483 წელს არადეთთან, მდ. ფრონეს ნაპირას, ყვარყვარე ათაბაგმა დაამარცხა კონსტანტინე II. ამით ისარგებლა ალექსანდრემ, რაჭა-ლეჩხუმი შემოიმტკიცა და 1484 წელს ქუთაისი აიღო. ამავე წელს იგი მეფედ ეკურთხა. ქართლის მეფე წარუმატებლობას არ ურიგდება და, ლიპარიტ II დადიანის (1482-1512) აქტიური მხარდაჭერით, 1487 წელს კვლავ იპყრობს იმერეთს, თუმცა მალე ქართლს იაყუბ ყაენი შეესია და კონსტანტინე სასწრაფოდ ტოვებს იმერეთს, ალექსანდრე II კი იბრუნებს ქუთაისს (1487-88). ამის შემდეგ მეფე ენერგიულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა: დაიზავა დადიან-გურიელი, აფხაზები და სვანებიც დაიმორჩილა. ახლა უკვე ალექსანდრე ცდილობს ქართული მიწების გაერთიანებას და იწყებს ბრძოლას ქართლისათვის. 1490 წელს კონსტანტინე II-მ მოიწვია დარბაზი, რომელსაც კათალიკოსი, ეპისკოპოსები და წარჩინებულნი ესწრებოდნენ. ამ ეტაპზე დარბაზმა იმერეთის მეფე-მთავრებთან ბრძოლის თავიდან ასაცილებლად უარყო მეფის მიერ დასმული საქართველოს გაერთიანების საკითხი, რითაც გაფორმდა საქართველოს დაშლის ფაქტი. 1491-1492 წლებში იმერეთისა და ქართლის მეფეები და სამცხე-საათაბაგოს მთავარი ყვარყვარე II დაზავდნენ და საზღვრები დააკანონეს. დავით X-ის ქართლში გამეფების შემდეგ ალექსანდრე II უფრო თავისუფლად მოქმედებს თავის გეგმის განსახორციელებლად და 1509 წელს აწყობს ლაშქრობას ქართლზე. 6 აგვისტოს ალექსანდრემ აიღო ქ. გორი თავისი მიდამოებით და ჩრდილო-დასავლეთ ქართლში გაბატონდა, მაგრამ მოპოვებული წარმატების განმტკიცება ვერ შეძლო იმერეთში ოსმალთა შემოსევის გამო (1509). ეს იყო თურქთა პირველი გამოჩენა იმერეთში. ალექსანდრე თავისი სამეფოსაკენ გაემართა. მაგრამ მტერი, რომელსაც ქუთაისი და გელათის მონასტერი გადაეწვა, იმერეთიდან უკვე გასულიყო. ამის შემდეგ მეფეს დიდხანს აღარ უცოცხლია - იგი ”დასნეულდა სალმობითა ძლიერითა” (ვახუშტი) და 1510 წელს გარდაიცვალა.