კახეთის მეფე 1476-1511 წლებში, გიორგი I-სა და დედოფალ ნესტან დარეჯანის ძე. დაიბადა 1454 წელს. 1476 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გახდა კახეთის მეფე. 1477 წ. თურქმანთა ბელადი უზუნ-ჰასანი საქართველოში შემოიჭრა. მან კახეთის ნაწილიც მოარბია (საგურამო, მარტყოფი). ალექსანდრე მეფემ მას ძღვენი მიართვა. მორჩილება აღუთქვა და დაეზავა. 1483 წელს, პირველმა ქართველ მეფ-მთავრებს შორის, გააგზავნა ელჩობა რუსეთში – დიდ მთავარ ივანე III-სთან. კახეთის მეფე რუსეთს მფარველობას სთხოვდა, თუმცა ამ პირველ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია. 1490 წელს, მას შემდეგ, რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია კონსტანტინე II-ეს დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფესთან. ვახუშტის მიხედვით, ამავე დროს მოხდა სამეფოებს შორის საზღვრის დადგენაც. 1491 წელს კახეთის მეფე განმეორებით აგზავნის ელძებს რუსეთში. ალექსანდრე I ცდილობდა კახეთის მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველეყო. ამ მიზნით ის დათმობებზე მიდიოდა. კარს მომდგარ მტერთან ხარკს კისრულობდა, მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა, ოღონდ კი საკუთარი სამეფო დაეცვა. ამ პოლიტიკას შემდგომში ერთგულად მისდევდნენ მისი შთამომავლები. 1500 წელს სეფიანთა ბელადმა ისმაილმა შირვანი აიღო. კახეთის მეფემ თავისი ვაჟი გააგზავნა მასთან დიდი ძღვენით და მორჩილება აღუთქვა. ისმაილმა პატივით მიიღო ბატონიშვილი და შეპირდა, რომ კახეთს თურქმანთა ხარკისგან გაათავისუფლებდა. კახეთის ჯარიც (ქართლისა და სამცხის ლაშქართან ერთად) ეხმარებოდა ისმაილს თურქმანებთან ბრძოლაში. კახეთის სამეფოს საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა. სამაგიეროდ მეფესა და მის უფროს ვაჟს გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა ალექსანდრე, ძმა დიმიტრი და თავი მეფედ გამოაცხადა.