იმერეთის მეფე 1387-1389 წლებში. დავით ნარინის შთამომავალი, იმერთის ერისთავის ბაგრატ I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ (1372 წ.) საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა იმერეთის ერისთავად დაადგინა. მის რეზიდენციას შორაპანი წარმოადგენდა. ბაგრატ V დიდის თემურლენგისაგან დატყვევების შემდეგ ალექსანდრე განუდგა მეფეს, ”დაიპყრა იმერეთი... იწოდა მეფედ და ეკურთხა გელათს”. დასავლეთ საქართველოს ფეოდალ-ხელისუფალთა უმრავლესობა ბაგრატის მტკიცე ერთგულებას ინარჩუნებდა. ალექსანდრეს დიდი ბრძოლები დასჭირდა იმერეთის ციხეთა შემოერთებისათვის. აიღო კიდეც ზოგი მათგანი, მაგრამ ქუთაისში გამაგრება ვერ შეძლო. მეფე გამეფებიდან მესამე წელს გარდაიცვალა.