იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე, მისი დედა იყო ერეკლე II-ისა და დარჯეანის ასული – ელენე. დაიბადა 1772 წელს. იზრდებოდა ბაბუის – ერეკლე II-ის კარზე. სოლომონ I-მა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა. ტახტი ძმისწულს უანდერძა. დავით (სოლომონ) არჩილის ძის მცირეწლოვანების გამო გამეფებული დავით II ტახტის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ერეკლე II-ისა და გრიგოლ დადიანის დახმარებით 1789 წლის 11 ივლისს, მათხოჯთან ტახტის მაძიებელმა დაამარცხა დავით II და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა. ამ დროისათვის იგი 17 წლისა იყო. დავით II-მ კიდევ რამდენჯერმე სცადა ტახტის დაბრუნება – 1790 წელს ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით მან იმერეთი დაიპყრო. ერეკლე II-მ სოლომონს, რომელიც პაპუნა და ზურაბ წერეთლებთან იყო შეკედლებული, თავისი შვილიშვილი – იოანე მიაშველა. ბრძოლა ლომსიანთ ხევში მოხდა, სადაც ერეკლეს ზარბაზნებით გაძლიერებულმა 500-კაციანმა რაზმმა 10 000-კაციანი მოწინაამდეგე დაამარცხა და სოლომონმა იმერეთი დაიბრუნა. სოლომონ II ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში სრული ანარქია სუფევდა. სოლომონ II-ის გამეფება ხელს უწყობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას: 1790 წლის ივნისში სოლომონ ლიონიძის თაოსნობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამი იყო: “შევრაცხო ყოველი მტერი თქუენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქუენისა და მოყვარე მოყვრისა”. ამ შეთანხმების სხვებთან ერთად ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი. 1793 წელს ხელშეკრულების მონაწილენი საერთოდ მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს. მაგრამ 1792 წლის 9 იანვრის ზავით, რომელიც რუსეთ-ოსმალეთს შორის დაიდო, ძირითადად კვლავ დამტკიცდა ოსმალეთის უპირატესი უფლებები დასავლეთ საქართველოზე. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა. სამეფო ხელისუფლების გასაძლიერებლად მეფე ცდილობდა დაეთრგუნა ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობა. კერძოდ, 1792 წელს მან მოახერხა გრიგოლ დადიანის გადაყენება (რომელიც მისი მთავარი მოწინააღმდეგე იყო) და მთავრად თავისი ერთგული მანუჩარი დასვა. მანუჩარმა ტყვებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო (1795). 1798 წელს გრიგოლი კვლავ გადადიანდა. მანუჩარმა კი სალიპარტიანო მიიღო. 1802 წელს სოლომონი მანუჩართან ერთად ლეჩხუმში შეიჭრა. იმავე წელს ჭყვიშის ციხე აიღო, სალხინოსთან დადიანი დაამარცხა და მთავრად მცირე ხნით დადიანების უმცროსი ძმა ტარიელი (ოტია) გამოაცხადა. შეშფოთებულმა გიიგოლმა რუსეთს დახმარება სთხოვა. ამ უკანასკნელმა ისარგებლა იმერეთში შექმნილი მდგომარეობით და 1803 წლის დეკემბერში სამეგრელომ რუსეთის მფარველობა მიიღო. ამით განხორციელდა რუსეთის გეგმა, რომლის მიხედვითაც პატივმოყვარე დადიანი იმერეთის სამეფოს გაუქმებისათვის ბრძოლაში უნდა გამოეყენებინათ. 1804 წელს გრიგოლი გარდაიცვალა და მთვარის ტახტი მისმა ძემ, ლევან V-მ (1804-1840) დაიკავა. 1803 წელს სოლომონ II-მ ლიონიძის ელჩობით რუსეთს კვლავ სთხოვა მფარველობა, თუმცა ამის პარალელურად ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის მძლავრობისაგან დახმარებას ითხოვდა. მეფის ეს ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო, მისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ სოლომონი მზად იყო ბაბა-ხანთან ერთად გამოსულიყო რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ციციანოვმა იმერეთის დაპყრობის დავალება მიიღო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. სოლომონი იძულებული გახდა რუსეთის მიერ შემოთავაზებული პირობები მიეღო. იმავე წლის 25 აპრილს ელაზნაურში (ახლანდელი ვახანის ახლოს, ხარაგაულის რაიონში) დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა პოლიტიკურ არსებობას ინარჩუნებდა და მეფობა ხელშეუხებელი იყო. გურიის სამთავრო იმერეთის გამგებლობაში რჩებოდა. ამავე ხელშეკრულებით რუსეთი იმერეთში ჯარის ნაწილებს აყენებდა და იმერეთის დაცვას კისრულობდა. სიტყვიერი შეთანხმებით ციციანოვი მეფეს ლეჩხუმს შეჰპირდა. თუმცა ამ სადავო ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად სოლომონი და გრიგოლ დადიანი საჭილაოში შეახვედრეს ერთმანეთს. სადაც ორივემ ერთად დაიფიცა რუსეთის ერთგულებაზე. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ახალი ტაქტიკა გამოიკვეთა: ადგილობრივ ხელისუფლებას თითქოს არ აუქმებდნენ, მაგრამ მეფეს ფაქტობრივად უუფლებოდ ტოვებდნენ. თავად სოლომონს ელაზნაური დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა. იმერეთის მეფე დიდ იმედებს ამყარებდა 1806 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომზე, რადგან ამ ქვეყნების დასუსტება მისი სამეფოს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. ომის მსვლელობისას, 1809 წლის ოქტომბერში, ტრაპიზონის სერასკირ შერიფ-ფაშას სარდლობით ოსმალები გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკდნენ. 2 ნოემბერს მამია გურიელმა მათ ზურგიდან შემოუტია, რის შემდეგაც რუსეთს გზა გაუხსნა ფოთისაკენ: მამია კი ამ სამსახურისათვის რუსეთმა იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლად სცნო. იმავე, 1809 წელს მეფემ რუსეთის მოხელე ტორმასოვისაგან ბრძანება მიიღო პეტერბურგში “დეპუტაციის” გაგზავნის შესახებ, რაც 1804 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანას, ხელშეკრულებითვე გათვალისინებული მხოლოდ 120 კაცის დატოვებას, ლეჩხუმს, და ციციანოვის სხვა დაპირებების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები. 1810 წლის 20 თებერვალს რუსთა ჯარი იმერეთისკენ დაიძრა. ვარციხეში გამაგრებული სოლომონის მომხრეები შედრკნენ და უკან დაიხიეს. ასე რომ 4-5 ათასი კაციდან სოლომონს ათასი მებრძოლიღა შემორჩა. მოსახლეობას რუსები კვლავ ძალით აფიცებდნენ რუსეთ სახელმწიფოს ერთგულებაზე. 1810 წლის 9 მარტს სიმონოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში სოლომონ მეფე თანხმობას აცხადებდა გადადგომაზე, თუ საცხოვრებლად იმერეთში დატოვებდნენ. 28 მარტს იგი ვარიანში ტორმოსოვს შეხვდა მოსალაპარაკებლად. მარამ დაატყვევეს და თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გამოკეტეს. აქედან კი პეტერბურგში უპირებდნენ გადაგზავნას. 11 მაისს ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ ტყვეობას თავი დააღწია. იქვე დატოვა ალექსანდრე ნეველის ორდენი, რომელიც რუსეთისაგან 1804 წელს მიიღო. გაპარვისას მას თან ახლდნენ ქაიხოსრო, როსტომ და სიმონ წერეთლები, გრიგოლ და დავით ერისთავები, ბერი ლორთქიფანიძე, აზნაური გაბაშვილი და სხვები – სულ 25 კაცამდე. რუსთაგან ლტოლვილი მეფე ახალციხეში გადავიდა, სადაც მას სოლომონ ლიონიძე და მალხაზ ანდრონიკაშვილი ელოდნენ. აქედან დაიწყო აჯანყების მზადება 1804 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მოთხოვნით. 1810 წლის 17 მაისის წერილში ზემო იმერლებისადმი სოლომონი აჯანყებისაკენ მოუწოდებს მათ და წერს: “ამაზედაც გული დაიჯერეთ, იმერეთის გულისთვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო”. ამ აჯანყებაში სოლომონს მხარს უჭერდნენ მანუჩარ და ტარიელ დადიანები, ლეჩხუმის მთავარი ბერი გელოვანი და სხვა თავადები. მეფეს ხუთი ათასი კაცი აგიაშვილის სარდლობით ქუთაისის ალყაზე ჰყავდა, სამი ათასი ხარაგაულის ციხის მიდამოებში დააყენა რუსეთის ჯარისათვის გზის გადასაკეტად. ქართლის მიმართულებით, კორტოხის გზაზე ათას ხუთასი კაცი დააბანაკა მალხაზ ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მეთაურობით, ორი ათასი კაცი კი მაღლაკთან იდგა, რათა გურია-ოდიშის ჯარი არ გაეშვათ ქუთაისისაკენ. რუსეთის სამსახურში მყოფი მეფის სახლთუხუცესი, ზურაბ წერეთელი 1810 წლით დათარიღებულ წერილში შეშფოთებული წერს თავის შვილს, გრიგოლს – მთელი იმერეთი გაერთიანებულია ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველადო. ამ გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ რუსეთმა თბილისიდან 3200 ჯარისკაცი გაგზავნა და ეს არმია ორ ნაწილად გაყო. 22 ივნისს სოფ. საქარასთან პირველი შეტაკება მოხდა აჯანყებულებსა და რუსებს შორის. სოფ. კორტოხთან ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მოლაშქრეებმა შეაჩერეს რუსთა ჯარების ნაწილები, 29 ივლისს კი ალყა შემოარტყეს ქუთაისის ციხეში მდგომ სიმონოვიჩს. პასუხად რუსეთმა თბილისიდან ახალი ჯარი გაგზავნა გენერალ-ლეიტენანტ როზენის მეთაურობით (1810). ამ დროიდან დაიწყო აჯანყების დაღმასვლა. როზენმა ჩხერის ციხესთან იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხა. ამის შემდეგ ბრძოლები ცხრაწყაროსთან და ჭიშურასთან გაიმართა. სადაც სოლომონის ჯარი კვლავ დამარცხდა. სოფ. მაღლაკთან გიორგი წულუკიძისა და ზურაბ წერეთლის ჯარის ნაწილებმა, ლევან დადიანთან შეთანხმებით, რუსები უბრძოლველად გაატარეს და ქუთაისისაკენ გზა გაუხსნეს. როზენს ქუთაისში დადიანი, გურიელი და თავადთა ერთი ნაწილი ეახლა. დამარცხებისათვის განწირული მეფე ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსებმა იმერეთის სამეფო გააუქმეს და რუსული მმართველობა შემოიღეს. სამშობლოდან გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში იგი დახმარებას სთხოვს ნაპოლეონს. მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ რჩება. ამის შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის და ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს. სწორედ ამ დროს მისთვის არასასიკეთოდ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები: 1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის პირობებში არაფერია ნათქვამი იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, 1813 წლის რუსეთ-ირანის ზევით კი მთელი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. ამგვარად, სოლომონის ძალისხმევამ ნაყოფი ვერ გამოიღო და მალე, 1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. მეფის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ყოფილა ამოკვეთილი: “განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვერ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას. თებერვლის 8, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე”. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.
|