თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184წწ.) და
დედოფალ ბურდუხაის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ
ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვ;ლენა
იყო. გიორგიმ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში
მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი.
მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.
1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18
წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი
მეფე.
1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური
ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და
1987 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ.
1188 წელს
თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლანს. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს
შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და
ლაშა-გიორგი.
თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით
აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის
სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით
ჩამოყალიბდა თამარის მეფობის დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა,
რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას – ქვეყნის მართვას.
თამარ
მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგაროეო
პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო
აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის
ფარგლებს გარეთ.
თამარი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და
კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული ორთოდოქსული ეკლესიების მშენებლობას.
მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა,
ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის
“თამარიანი” და იოანე შავთელის “აბდულმესია”, სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი
სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი
მმართველობა.
არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის
უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხის ტყაოსანი”, სადაც თინათინის
გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია.
XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე
ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო
გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ
პერიოდს უწოდებენ “ოქროს ხანას”.
გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველმა
ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა
შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს და დასაფლავებულ იქნა გელათის საკათედრო
ტაძარში. არსებობს მოსაზრება, რომ შემდგომში შესაძლოა იგი იერუსალიმის ჯვრის
მონასტერში გადაასვენეს.
ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და
მისი ხსენების დღედ 1(14) მაისი დააწესა.
|