AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მაია წყნეთელი
გლეხის ქალს, მაია წყნეთელს, მეფე ერეკლეს დროს უცხოვრია (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი). უასაკო ყოფილა, როცა ბატონს ძალით მიუყვანია სახლში და ნამუსი აუხდია. მაიას მშობლებს ვერ აუტანიათ ეს მწუხარება და მალე გამოსალმებიან წუთისოფელს. მამას ტყეში ჩამოუხრჩვია თავი, დედას შიმშილით თავი მოუკლავს. ერთ ღამეს ჩაუცვამს მამამისის ტანისამოსი, შემოურტყამს ხმალი, ხანჯალი, მხარზე მამის თოფი გადაუკიდია და ჩასულა თბილისში. ასე ვაჟურად გამოწყობილი მისულა მეფე ერეკლეს კარზე და მფარველობა უთხოვია. მეფეს მიუღია იგი. მაიას სახელად მათე დაურქმევია. არ გასულა დიდი ხანი, რომ კახეთის მხარეს დასცემიან ლეკები. მეფეს შეუყრია საჩქაროდ ჯარი და თან გაუყოლებია შინაყმანიც. მათრიცხვში ყოფილა მაიაც. ყველანი კარგად გარჯილან მტერთან ბრძოლაში, მაგრამ მაიასებრი ვაჟკაცობა ვერავის გამოუჩენია. ამ დროს მაია ოცი წლისა ყოფილა. მეფე გაუკვირვებია მის მხნეობას, სიმარდესა და ვაჟკაცობას. გახარებული გადახვევია, ორთავ თვალებში უკოცნია და უთქვამს:

- აი, შენ კი გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო!

თბილისში რომ დაბრუნებულან, მეფეს კიდევ მოსვლია ამბავი, სომხებს თათრის ჯარი შემოესიაო. მაშინ მდევარი შეუგროვებიათ. შემდგარა რჩეული ბიჭების დასტა, რომელიც პირველად უნდა შებრძოლებოდა მტერს. მათეც იქ ყოფილა. ომი ყოფილა სოღანლუღს ქვევით. ხმალამოღებულ მაიას შეუჭენებია ცხენი მტრის გუნდში და მეთაურისათვის ანაზდად გაუგდებინებია თავი. არეულა მტრის ჯარი და ქართველებს ისე დაუმარცხებიათ, რომ ამბის წამღები კაციც აღარ დარჩენილა.

მაია თურმე თავზარს სცემდა გარეშე და შინაურ მტერს. მისი დროის პირშავ კაცებს თორმეტი გოგო-ბიჭი მიუყიდიათ სპარსელებისათვის. ამ ამბის შესატყობინებლად მეფესთან ერთი მოხუცებული კაცი წამოსულა. მეფის კარზე მაია დახვედრია, მოხუცს თავისი გასაჭირი უთქვამს თუ არა, მაიას მაშინვე შეუკრებია თავისი ამხანაგები, შემსხდარან ცხენებზე და გამოსდგომიან ყიზილბაშებს. მისწევიან ლილოსთან, დაუხოცავთ, გაუთავისუფლებიათ დაყიდული გოგო-ბიჭები, მერე მეფის კარზე მობრუნებულან. მაია წამდგარა მეფის წინაშე და უთქვამს გლეხობის მძიმე მდგომარეობის შესახებ:

- გლეხობა განადგურდა და გაწყდა, ბოროტმოქმედ კაცთაგან აოხრდა სოფლები. ბატონებმა დაჰყიდეს მთელი სოფლის გლეხობა; ვინც გადარჩა, იმათ კიდევ გუთანში, ურემსა და კალოში სულს აძრობენ. მეფევ გთხოვთ, მოსპოთ ასეთი ავკაცობა და ბოროტმოქმედებაო..

მეფეს მეორე დღესვე მოუწვევია სასახლეში მღვდელმთავრები და ჯვარითა და სახარებით შეუჩვენებიათ ავნი კაცნი. ამგვარი საჩივრებით ისე შეუწუხებია მაიას ბოროტმოქმედნი, რომ მათ გადაუწყვეტიათ მაიას მოკვლა.

ერთ დღეს მეფეს მაია სადღაც გაუგზავნია. ეს შეუტყვიათ მის მტრებს და გამოსდგომიან უკან; მაგრამ მაიას მდევარი დაუხოცავს. ერთ მათგანს მოუტყუებია: ერეკლეს ნებავს შენი სიკვდილიო. მაიას თავზარი დასცემია, ეჭვი გასჩენია, იქნებ მართლა უნდა მეფეს ჩემი სიკვდილიო, თან გული სტკენია, გადაუწყვეტია: - გავშორდები და ყაჩაღად გავალო. თრიალეთისაკენ გადასულა და დაბინავებულა ერთ თყეში, რომლისთვისაც ხალხს “მაიას საბუდარი” დაურქმევია. აქედან გამოდიოდა თურმე გზებზე, უსაფრდებოდა გამვლელ-გამოვლელ თავგასულ კაცებს, ხოცავდა და ძარცვავდა მათ. ბოლოს შეუტყვიათ მტრებს მისი ბინა და დაუწყიათ დევნა. მაშინ მაიას დაუტოვებია თავისი საბუდარი და წასულა სომხეთისაკენ. დასახლებულა სოფლად და თავისი ვინაობა დაუფარავს.

ერთ დღეს მეფე ერეკლე მისულა იმ სოფელში, სადაც მაია ყოფილა. ერთი სოფლიდან მეორეში აცილებდნენ თურმე მეფეს სოფლელები, მაიაც გაჰყოლია. იმჟამად უკვე მოხუცებული ყოფილა და მეფეს ვეღარ უცვნია. ხმა იყო გავარდნილი, რომ მაია დიდი ხანია რაც მოკვდაო. გზაში მეფეს მტერი შემოხვდა. მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია მზად. იმან კი თურმე ჯერ თოფი ესროლა მტერს, მერე კი ხმალდახმალ მიუხდა. ამის მხილველი სხვებსაც გული მისცემიათ, გამხნევებულან, შებმიან მტერს და გაუმარჯვიათ. მეფეს უკითხავს მაიასათვის: შენ ძმობილო, ვინა ხარ ეგეთი გმირიო?

- ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავარო. ... ამასთანავე ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ მე ვარ დედაკაცი და არა მამაკაციო.

ამის შემდეგ, მაიას გაუხდია კაცური ტანისამოსი და ჩაუცვამს ქალური; მაგრამ დიდხანს აღარ დასცლია სიცოცხლე. სპარსელები შემოსევიან საქართველოს, მაიაც გარევია ქართველთ ლაშქარში, ქალური ტანსაცმელი სცმია. სპარსელებს გაჰკვირვებიათ მისი მამაცობა და ხანებს უბრძანებიათ ცოცხლად მისი დაჭერა. მართლაც, დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ; მაგრამ მაია გზიდან გამოპარულა და ერევნის ბოლოს მოუკლავთ.

1959 წელს გადაიღეს ფილმი “მაია წყნეთელი”, სადაც მაიას როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-03-24)
ნანახია: 1949 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება