დარეჯან დედოფალი, ერეკლე II-ის მეუღლე, და მისი ღირსეული ქალები
ქეთევანი, მარიამი და თეკლა თავიდანვე ანტირუსული განწყობილებისანი იყვნენ, რის
გამოც პრორუსული ორიენტაციის ერეკლე მეფის რისხვა დაიმსახურეს.
დარეჯან
დედოფალი იყო ასული სამეგრელოს მთავრის გიორგი დადიანისა. იგი დაიბადა 1735 წლის 20
ივლისს. დარეჯანი იყო მეფე ერეკლეს მესამე ცოლი. მათ ეყოლათ 8 ვაჟი და 6 ასული.
დედოფალი თავიდანვე მტრულად უყურებდა ერეკლეს რუსეთთან დაახლოებას. ერეკლეს მიერ
რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იწყება დედოფალ დარეჯანის უშუალოდ ჩარევა
სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა. ჯერ კიდევ 1770
წელს ასპინძის ბრძოლის წინ დაინახა დარეჯანმა რუსეთის დიპლომატიის ნამდვილი სახე და
რუსეთის "დახმარება-მფარველობის" არა რა სწამდა. არა მარტო ერეკლეს ვაჟები და
ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის
სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალი და მისი
მომხრეები ბოლოს მაინც ვერას გახდნენ და 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მოეწერა
ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის. 1795 წლის სექტემბერში თბილისში
აღა-მახმად-ხანი შემოიჭრა. რუსეთი საქართველოს ამჯერადაც არ დაეხმარა. სპარსეთმა
საქართველო დაარბია და უამრავი ტყვე წაასხა.
1798 წლის 11 იანვარს ივერიის
მზე ჩაესვენა, გარდაიცვალა ერეკლე მეფე. ბატონიშვილმა გიორგიმ ისარგებლა ამ
მომენტით და სამეფო ფუნქციები ხელთ აიღო. ქვეყანა სუსტ და უძლურ გიორგის ხელიდან
ეცლებოდა. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა და სამეფოს გადარჩენის
იმედებიც თან წაიღო.
საუბედუროდ, გამართლდა დარეჯანის წინათგრძნობა. 1801
წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს,
ქართლ-კახეთის სამეფოს გააუქმების შესახებ. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და
რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამ
ქართველი ერი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რასაც მოჰყვა 1802 წლის პოლიტიკური
გამოსვლა კახეთში და 1804 წლის მთიულეთის აჯანყება.
სამეფოს გადასარჩენად
ყველამ დარეჯანის გარშემო მოიყარა თავი. დედოფალი ტახტის აღდგენას და მანიფესტის
გაუქმებას მოითხოვდა. ბაგრატიონთა შორის უთანხმოების მოსპობამ საგონებელში ჩააგდო
რუსეთი და გადაწყვიტეს დედოფალი დარეჯანი და ბაგრატიონები საჩქაროდ მოეშორებინათ
საქართველოდან ... ხელმწიფე მათ რუსეთში გადასახლებას ითხოვდა და საქვეყნოდ ამას
"სადარბაზოდ მიწვევას" არქმევდა.
1803 წლის ნოემბერში დარეჯან დედოფალი
რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი ჯარით გარშემორტყმულ
საყვარელ დედოფალს. საქართველო მისტიროდა მართლაც უკანასკნელ დედოფალს, რომელიც
იძულებით და ამაყად სტოვებდა საყვარელ სამშობლოს.
დარეჯან დედოფალი
გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს პეტერბურგში და დაკრძალეს ნევის მონასტერში,
ხარების ეკლესიაში.
დარეჯანის გადასახლების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა
და რძლებმა გააგრძელეს ანტირუსული მოღვაწეობა.
ქეთევან ბატონიშვილი - იოანე
მუხრან-ბატონის ქვრივი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად დიდ მონაწილეობას იღებდა
1804 წელის ქართლის მთიანეთის აჯანყებაში. ქეთევანის პირადი მსახური ყოფილა შიკრიკი
და საიმედო პირი ამ შეთქმულებისას.
1805 წლის იანვარში აჯანყება ცეცხლითა და
მახვილით ჩააქრეს. 1804 წლის აჯანყების გმირები იულონი და ფარნაოზი სხვა
ბატონიშვილებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. ქეთევანი თავის სასახლეში დააპატიმრეს.
რუსეთისათვის ნათელი იყო, რომ ქეთევანმა ბევრი რამ იცოდა 1802 წლისა და 1804 წლის
შეთქმულებათა შესახებ. მის გამოსატეხად უსასტიკესი ზომები მიიღეს, მაგრამ მათ
ქეთევანი ვერ გასტეხეს და რუსეთში გადასახლებით დაუწყეს წამება. სწორედ ამ
პატიმრობის ხანას უნდა ეკუთვნოდეს ბატონიშვილ ქეთევანის მრავალ-მხრივ შესანიშნავი
ლექსი - "ჰოი ვითარ ვსთქვა".
ქეთევან ბატონიშვილის პატიმრობისას აღმოხეთქილ
კვნესას ყველაზე უწინ გამოეხმაურა თეკლა ბატონიშვილი, მეფე ერეკლეს ყველაზე უმცროსი
ქალი, განთქმული შეუდარებელი სიკეკლუცე-სილამაზესთან ერთად, თავისი ვაჟური
მხნეობით, შემძლეობითა და უცნაური სითამამით; საუცხოო მონადირე, ცხენზე მოჯირითე და
მკვირცხლი ბუნების. თვითონ ერეკლე "ვაჟკაცს" ეძახდა, 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია
ჩაცმული და ხშირად უტარებია მოგზაურობის თუ ლაშქრობის დროს. მას სამი ვაჟი ჰყავდა:
ცნობილი პოეტი ვახტანგ ორბელიანი, ისტორიკოსი ალექსანდრე და დიმიტრი.
თეკლა
თავის ლექსში "პასუხად ქეთევან ბატონიშვილს", კიდევ უფრო ცხოვლად და მუქი ფერებით
გადმოგვცემს თავისი დის ტყვეობის ამბავს, მტრების სისინს და მისი დის გლოვის
მიზეზს. მაგრამ ის მაინც არ სთვლის საქმეს წაგებულად და ქეთევანისებურ უსაზღვრო
პესიმიზმს არ ეძლევა. (უკვე ჭაღარა მოსილი თეკლა ბატონიშვილი 1832 წლის
შეთქმულებაშიც მონაწილეობდა თავის სახელოვან შვილებთან ერთად).
სამშობლოს
დიდების დაცემით გამოწვეული პესიმიზმი ქეთევანის მეორე დას ბატონიშვილ მარიამს უფრო
ენათესავება, ვიდრე თეკლას. მარიამი იყო მეუღლე ქალაქის მოურავის დავით
ციციშვილისა, ჰყავდა ოთხი ვაჟი. მარიამი ყოფილა ძალიან ნიჭიერი, დიდად
დახელოვნებული საღმრთო წერილში, პოეტი, მუსიკოსი; უყვარდა მხიარულება, მაგრამ
სამეფო სახლის რუსეთში გადასახლების შემდეგ ყოველივე მხიარულება დაივიწყა, წავიდა
თავის სოფელ ქარელში, სწერდა სამგლოვიარო ლექსებს, იყო ლოცვაში და ღვთის
ვედრებაში.
1804 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით ქართული
სამეფო სახლის მამულები გადაირიცხა ხაზინის სასარგებლოდ. ბაგრატიონთა სასახლეებში
რუსი მოხელეები მოკალათდნენ, მამულების შემოსავლით რუსულ ხაზინას ავსებდნენ,
ბაგრატიონები კი უსაზღვრო მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ
ბატონიშვილებში არ აღმოჩენილა არც ერთი, რომელიც "ოქროს მთებსა" და "ფუფუნებას"
დახარბდებოდა, არცერთი იმათგანი რუსეთს ნებით არ დამორჩილებია და რუსეთში ნებით არ
წასულა.
|