იმერეთის მეფე 1590-1604 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი. იგი მამია IV დადიანისა და იმერეთის თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით გამეფდა. დადიანის გაძლიერება ხელს არ აძლევდა გიორგი II გურიელს, რომელმაც ოსმალთა დახმარებით ილაშქრა ქუთაისში და სამეფო სახლის წევრი, ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა (1590). ამ ფაქტის გამო სიმონ ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში. დაატყვევა ბაგრატი, ქუთაისი აიღო, “შეაყენნა გუშაგნი თვისნი” (ვახუშტი) და ქართლში დაბრუნდა. როსტომი სამეგრელოში გადაიხვეწა, სადაც გარდაცვლილი მამია დადიანის ძმა – მანუჩარი მთავრობდა. მანუჩარმა ილაშქრა იმერეთში და როსტომს ტახტი დაუბრუნა. განრისხებული სიმონი იმავე წელს დიდი ლაშქრით შევიდა იმერეთში. აიღო მრავალი ციხე-ქალაქი: სკანდა, კაცხი, სვერი, ქუთაისი და შიგ გარნიზონები ჩააყენა. ამის შემდეგ ქართლის მეფე კვლავ ოდიშში გაქცეულ როსტომს დაედევნა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა, ტახტის სხვა რეალური კანდიდატი კი არ ჩანდა, ამიტომ მისი შეპყრობით სიმონი იმერეთის შემოერთების საკითხსაც გადაწყვეტდა. მოწინააღმდეგე მხარეებმა სოფ. ოფშკვითთან დასცეს კარვები. ის თავადები, რომლებიც ადრე დადიანის გაძლიერების შიშით სიმონს ემხრობოდნენ, ახლა სიმონის გამარჯვებისა და მათი უფლებების დასუსტების შიშით ზოგი ბრძოლამდე, ზოგიც ბრძოლის შემდეგ განუდგა ქართლის მეფეს. მათგან განწირული სიმონი დამარცხდა. იმერეთის სამეფო გვირგვინი კი ისევ როსტომმა დაიდგა (1590). ამიერიდან იგი სამეფო ხელისუფლების გაძლიერებაზე ზრუნავს: 1597 წ. დაუმოყვრდა ათაბაგს და მის ასულ თინათინზე იქორწინა. 1601 წელს როსტომმა დვალეთსა და ოსეთზეც ილაშქრა. ამ ამბების შემდეგ სამეფოში ოდიშის პოილტიკური უპირატესობა აშკარა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შარვაშიძეები ოდიშისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. იმერეთის მეფე, ფაქტობრივად, აღიარებდა სამთავროების დამოუკიდებლობას, თუმცა იურიდიულად მათ თავის ვასალებად მიიჩნევდა. XVI ს-ის დასაწყისში ოსმალეთმა შავი ზღვის სანაპიროები ბლოკადაში მოაქცია: მას გურია-სამეგრელოს დაპყრობა ჰქონდა განზრახული.
|