იბერიის მეფე დაახლ. 285-335 წლებში. ძე რევ მართალისა და სეფელიასი. ამდენად მამით სასანიდი - დედით ბერძენი. ტახტზე ასვლისას იყო 7 წლისა (და აქედან მისი ზედმეტსახელი ”ვაჩე” - სპარსულად ”ყმაწვილი”). მირიანის მეფობის დასაწყისში იბერია სასანიდური ირანის ვასალი იყო. ასე მაგალითად 294 წელს ირანის შაჰმა ნარსემ ილაშქრა ამიერკავკასიაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა იბერიის, სომხეთის და ალბანეთის ირანისადმი ქვეშევრდომობა. 298 წელს კი მირიან მეფე, როგორც ირანის ქვეშევრდომი, იბერთა ჯარით მონაწილეობს ნიზბისის ბრძოლაში ირანის შაჰ ნარსესა და რომის იმპერატორ გალერიუსს შორის. ბრძოლაში ირანელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, რის შედეგადაც დაკარგეს სირია და მესოპოტამია. მირიანმაც დრო იხელთა და ირანის მორჩილებიდან თავი დაიხსნა. იბერია კვლავ რომის ”მოკავშირე და მეგობარი” გახდა. ამის შემდეგ მირიანი რომაელთა დახმარებით ეომება ოსებს და სხვა ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს. მირიან მეფის დროს მოხდა საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა დაახლ. 318-325 წლებში წმინდა ნინოს ქადაგების შედეგად მირიანმა და მისმა მეუღლემ დედოფალმა ნანამ ქრისტიანობა მიიღეს და იბერიაშიც სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მირინა მეფისავე ბრძანებით მცხეთაში აშენდა სვეტიცხოველის პირველი ტაძარი. ქრისტიანობის მიღებაზე უარი თქვეს მთიელმა ქართველებმა, აგრეთვე რანმა და მისმა ერისთავმა ფეროზმა. მირიანმა ლაშქრობა მოაწყო მთიელი წარმართების წინააღმდეგ, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. მირიანს დედოფალ ნანასგან ჰყავდა ორი ვაჟი, რევი და ბაკური. რევი მამაზე ადრე გარდაიცვალა, ამიტომ იბერიის ტახტზე მირიანის შემდეგ ბაკური ავიდა. ქართული ეკლესიის მიერ მირიან მეფე წმინდანადაა შერაცხული.
|