იბერიის მეფე დაახლ. 76-120 წლებში. ძე ფარსმან II-სა. ტახტზე ავიდა მეტად მცირეწლოვანი, მას შემდეგ რაც მისმა მომხრეებმა დაამარცხეს და იბერიის ტახტიდან გადააგდეს მირდატ IV. მისი მეფობის პირველ წლებში იბერიას რეგენტის სახით მართავდა დედამისი ამაზასპუჰი. მირდატის დროს იბერიას კარგი ურთიერთობები ჰქონდა რომის იმპერიასთან: - არმაზციხეში აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა და დომიციანემ იბერიის მეფე მირდატს მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მომდევნო საუკუნის დამდეგს მირდატი აქტიურად ეხმარებოდა რომის იმპერატორ ტრაიანეს პართიის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 114 წელს მან თავისი ძმა -ამაზასპი იბერთა რაზმით რომაელთა დასახმარებლად გაგზავნა. სხვა მირდატის შესახებ არაფერია ცნობილი, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ფარსმან III ქველი.
|