იბერიის მეფე დაახლ. 5-35 წლებში. არშაკ III-ის ძე. მირდატმა მეფობა დაიწყო მაშინ, როდესაც იბერია ორად იყო გაყოფილი: ჩრდილოეთში (დედაქალაქი მცხეთა) მეფობდნენ ფარნავზაიანთა წარმომადგენლები; სამხრეთში (დედაქალაქი არმაზი) კი არტაშესიანთა და კოლხ უფლისწულთა შთამომავლები. ამრიგად მცხეთაში გამეფებისას მირდატი მხოლოდ ჩრდილოეთ იბერიის მეფე იყო. მირდატ III მეტად ძლიერი და ენერგიული ხელმწიფე აღმოჩნდა მან ”უმატა სიმაგრეთა ქართლისათა”, ხოლო სულ მალე სამხრეთ იბერიული სამეფოც დაიპყრო და 80 წლიანი გათიშულობის შემდეგ კვლავ გააერთიანა იბერია. ეს დაახლ. 25 წელს უნდა მომხდარიყო. მირდატ III-ის დროს - 34 წელს საქართველოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. მალე ამის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა, დარჩა ორი ძე ფარსამანი და მირდატი, ტახტზე ავიდა უფროსი - ფარსმან II.
|