იმერეთის მეფე 1585-1590 წლებში, გიორგი II-ის ძე. მეფის მცირეწლოვანებით უნდოდა ესარგებლა ბიძამისს – კონსტანტინეს, რომელსაც იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების დიდი სურვილი ჰქონდა. მან დაიპყრო არგვეთი, ციხეები სკანდა და კაცხი. ლევანმა ბიძამისის წინააღმდეგ კავშირი შეკრა მამია IV დადიანთან. სიმამრის დახმარებით მომდევნო წელს მან დაამარცხა კონსტანტინე რომელიც საუფლისწულოს დასჯერდა. ის თანხმობა, რომელიც იმერეთის სამეფოში გიორგი II-ის დროს ჩამოვარდა, სრულიად დაირღვა. დადიანისა და გურიელის მტრობა დღითიდღე მწვავდებოდა. გაძლიერებული თავადები სამეფო ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სიმონ ქართლის მეფე ცდილობდა შექმნილი ვითარების გამოყენებას და იმერეთის ქართლთან შეერთებას. იმერეთის თავადებმა არ მიიღეს მონაწილეობა გოფანთოსთან ბრძოლაში (1588), სადაც ლევანს გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიმონ მეფესთან და მათ მხარდაჭერას თხოულობდა. ამ ბრძოლაში სიმონმა, რომელსაც ზემო იმერეთის თავადები ეხმარებოდნენ. გაიმარჯვა, დაიკავა ქუთაისი და იქ თავისი მოხელეები განაწესა; თუმცა მალე უკან დაბრუნდა, რადგან ქართლში ოსმალთა თარეშისა ეშინოდა. ამით ისარგებლა ლეჩხუმში გახიზნულმა ლევანმა და თავისი მომხრე თავადების დახმარებით ტახტი დაბრუნდა.სამეფოში სიტუაცია კრიზისული იყო. მეფისა და დადიანის საომარი დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. ლევანი ვერ ურიგდებოდა დადიანის სიძლიერეს და თან შურისძიება სწყუროდა გოფანთოსთან ბრძოლაში ღალატისათვის. დადიანმა დაასწრო, ილაშქრა ქუთაისში, ლევანი შეიპყრო და შხეფის (ახლა სენაკის რ-ნი) ციხეში გამოკეტა, სადაც ის მალე გარდაიცვალა
|