კახეთის მეფე 1722-1732 წლებში. ერეკლე I-ის შვილი, ნაშობი მხევლისაგან, 1722 წელს, იმამ-ყული ხანის გარდაცვალების მერე გახდა კახეთის მეფე. 1723 წელს ირანის შაჰმა თამაზმა, ვახტანგ VI-ის გადაყენების მერე, ტართლის ტახტიც უბოძა მაჰმად-ყული ხანს. 4 მაისს კონსტანტინემ ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის მერე ქალაქი ოსმალებმა აიღეს. მათ ქართლის მმართველად ბაქარ ვახტანგის ძე დანიშნეს, კონსტანტინე კი შეიპყრეს. კახეთის მეფემ გაქცევა მოახერხა და სათავეში ჩაუდგა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. 1724 წლის სექტემბერში ატენთან გაიმაგრთა სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის. კონსტანტინეს მომხრეებმა მარცხი იწვნიეს. ერთი წლის მერე, 1735 წელს, კონსტანტინე კვლავ შეებრძოლა ოსმალებს და კვლავ დამარცხდა. კახეთის მეფემ თავი ფშავს შეაფარა. იმავე წელს კახელებმა ლეკები განდევნეს და გახიზნული მეფე თელავში დაბრუნდა. მართალია ოსმალებმა კახეთის დაპყრობა ვერ მოახერხეს, მაგრამ არც კონსტანტინეს მდგომარეობა იყო სახარბიელო. მალე კონსტანტინე ისლამის სუნიტური მრწამსის მიმდევარი გახდა (მანამდე შიიტი იყო) და ოსმალებს დაეზავა. 1730 წელს ოსმალებმა და კახელებმა ჭარელები დაამარცხეს, ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ზავი დროებითი იყო და ბრძოლისათვის ემზადებოდა. 1731 წელს კონსტანტინემ ხევისა და ხევსურეთის დაჭერა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1732 წელს იუსუფ ფაშამ კახეთის მეფე მოსალაპარაკებლად მიიწვია და ღალატით მოკლა.