კახეთის მეფე 1606-1648 წლებში (ფორმალურად 1663 წლამდე), ქართლ-კახეთის მეფე 1625-1633 წლებში. დავით I-ისა და ქეთევან აშოთან მუხრან-ბატონის ასულის შვილი. დაიბადა 1589 წელს. 13 წლისა სპარსეთს წაიყვანეს და იქ შაჰ აბასის კარზე დარჩა სამი წელიწადი, კონსტანტინე-მირზას მოკვლის შემდეგ (1605 წლის 22 ოქტომბერი), კახელებმა მეფედ თეიმურაზი მოითხოვეს. შაჰ აბასი დათანხმდა და 1606 წლის გაზაფხულზე თეიმურაზი კახეთის მეფედ გამოგზავნა. ერთი წლის შემდეგ, 17 წლისამ, ცოლად შეირთო ანა, მამია გურიელის ასული, რომლისგანაც შეეძინა ლევანი და ალექსანდრე, 1610 წელს ანა გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ, შაჰ აბასის ნებასურვილით, თეიმურაზმა ცოლად შეირთო ქართლის მეფის, ლუარსაბ II-ის და ხორეშანი, რომლისგანაც შეეძინა დარეჯანი, დავითი (დათუნა) და თინათინი. თვითონ შაჰ აბასმა ცოლად შეირთო თეიმურაზის და ელენე. მისი მეფობის პირველ პერიოდში სამეფოს მართვა-გამგეობაში აქტიურად მონაწილეობდა ქეთევან დედოფალი. დედა-შვილი ცდილობდნენ ირანისაგან დამოუკიდებლად სჭეროდათ თავი, შემახის ციხესთან ალყად მდგომმა შაჰ აბასმა თავისთან იხმო თეიმურაზი. მაგრამ ახალგაზრდა კახთ ბატონი არ ეახლა მრისხანე მბრძანებელს. სამაგიეროდ მასთან გამოცხადდა ქეთევან დედოფალი 1000 კაციანი რაზმით. შაჰმა წყენა არ შეიმჩნია. დედოფალი დაასაჩუქრა და უკან გამოაბრუნა. 1612 წელს ირანის მბრძანებელმა კვლავ თავისთან დაიბარა თეიმურაზი და ქართლის მეფე ლუარსაბი, ვითომდა, სანადიროდ. მეფეები არ წავიდნენ შაჰთან. პირიქით შეთანხმდნენ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ. 1613 წელს აბასი კახეთისაკენ დაიძრა. განჯაში მცირე ხნით შეყოვნებულმა თეიმურაზს მძევლები სთხოვა. კახეთის მეფე იძულებული გახდა ჯერ უმცროსი ძე ალექსანდრე და ქეთევან დედოფალი გაეგზავნა, შემდეგ კი უფროსი ვაჟი ლევანიც. შაჰმა თავად თეიმურაზიც დაიბარა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ეახლა. 1614 წელს ყიზილბაშები კახეთში შეიჭრნენ. 14 მარტს ბრძოლა გაიმართა ჟალეთის მახლობლად, თეიმურაზი სპარსელებმა ალყაში მოაქციეს. კახელები თავგანწირვით ეკვეთნენ მტერს, თეიმურაზმა ალყა გაარღვია და ქართლს გააღწია. აქ, მცირე თათბირის შემდეგ, ორივე მეფე – თეიმურაზი და ლუარსაბი, იმერეთს გადავიდნენ და იქაურ მეფეს, გიორგი III-ს შეეხიზნენ. შაჰ აბასმა კახეთი საშინლად დაარბია და ააოხრა; 80000 კახელი, უმეტესად ქალი და ბავშვი, აჰყარა და ირანს გადაასახლა. შემდეგ თბილისში მოსულმა გიორგი იმერთა მეფეს შეხიზნულ მეფეთა გაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ ლუარსაბი თვითონ გადმოვიდა და ჩაბარდა ირანელებს, თეიმურაზი კი არ აპირებდა შაჰთან მისვლას. 1615 წლის 15 სექტემბერს დავით ჯანდიერის მეთაურობით კახეთში აჯანყება დაიწყო. თეიმურაზი დაბრუნდა კახეთში და ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. შაჰ აბასმა დამსჯელი რაზმი გამოგზავნა ალი ყული-ხანის სარდლობით. წიწამურთან გამართულ ბრძოლაში 5000-მა ქართველმა თეიმურაზის მეთაურობით სასტიკი მარცხი აგემა სამჯერ უფრო რიცხვმრავალ მტერს. ალი ყული ხანის არმია განადგურებულ იქნა. ეს იყო შაჰის პირველი სერიოზული მარცხი საქართველოში. 1616 წელს შაჰ აბასი თავად წამოუძღვა ყიზილბაშთა უდროებს ურჩი კახელების დასაჯელად. თეიმურაზი მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და კვლავ დასავლეთ საქართველოში გადავიდა. შაჰ აბასმა კახეთი უსასტიკესად იავარჰყო – გაძარცვა, დაანგრია, ააწიოკა, აჰყარა და გადაასახლა. 1617 წელს კიდევ მეოთხედ შემოესია კახეთს შაჰ აბასი. ამ ოთხი შემოსევით კახეთმა დაჰკარგა ორი მესამედი თავისი მოსახლეობისა. თეიმურაზმა შველა ოსმალეთს სთხოვა - 1618 წელს ოსმალეთმა შეტევა დაიწყო ირანის წინააღმდეგ. ხალილ-ფაშას ლაშქრის მეწინავე რაზმში იმყოფებოდა თეიმურაზი თავისი ამალით. კახეთის მეფეს იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული სულთანი მას კახეთს დაუბრუნებდა. მაგრამ ოსმალთა ლაშქრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თეიმურაზი მაინც არ ურიგდებოდა ბედს. მან რამდენიმეჯერ გააგზავნა ელჩობა რუსეთში დახმარების სათხოვნელად (1618, 1624 წწ.). თუმცა ჩრდილოეთიდან რეალური დახმარების გაწევას არ ჩქარობდნენ. ეს რომ შეიტყო შაჰ აბასმა, თეიმურაზის შვილები, მასთან მძევლად მყოფი ლევანი და ალექსანდრე ორივე დაასაჭურისა და დახოცა; შემდეგ კი დედამისიც, ქეთევან დედოფალი, საშინელი წამებით მოაკვლევინა (1624 წლის 13 სექტემბერი). ხსნა ისევ თვით საქართველოდან მოვიდა, აქ დღითი-დღე მწიფდებოდა დიდი აჯანყება ირანის ბატონობის წინააღმდეგ. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე, ქართველებმა, გიორგი სააკაძის მეთაურობით, გაანადგურეს შაჰ აბასის 30000-ანი არმია და მაშინვე ქართლისა და კახეთის ერთიან მეფედ (“ორისავე ტახტის მჭერად”) გონიოდან ჩამოიყვანეს თეიმურაზი. იმავე წლის 1 ივლისს, მარაბდის ბრძოლაში სწორედ თეიმურაზი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს. ყიზილბაშებმა ვერ გაუძლეს შეტევას და აირივნენ. მათი ნაწილი უკუიქცა. ცოტაც და ქართველები კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებდნენ. მაგრამ ამ დროს ირანელებს დამხმარე ძალა მოუვიდათ აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგის შაჰბენდე-ხანის მეთაურობით. მარაბდის ველზე 9000 ქართველი დაეცა. არც გამარჯვებულ ყიზილბაშებს ადგათ კარგი დღე, მათ 14000 კაცი დაკარგეს. შედეგად შაჰ აბასი იძულებული გახდა ეცნო თეიმურაზი ქართლ-კახეთის მეფედ. მალე ამის შემდეგ უთანხმოება ჩამოვარდა თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. ამბიციურ მოურავს არ მოსწონდა მეფის ესოდენი გაძლიერება და მას იმერელი უფლისწული ალექსანდრე დაუპირისპირა, შეტაკება გარდაუვალი შეიქნა. 1626 წლის შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან ქართველები ერთმანეთს შეებრძოლენ. თეიმურაზმა გაიმარჯვა. ამაში მას დიდი დახმარება გაუწია ზურაბ არაგვის ერისთავმა. ამის შემდეგ თეიმურაზი ნელ-ნელა იწყებს საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას. შაჰ აბასის გარდაცვალების მერე (1629 წ.). მან ჯერ ზურაბ ერისთავს მოაკვლევინა სიმონ-ხანი (ქართლის ფორმალური მეფე 1619-1625 წლებში, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ ბოლნისსა და დმანისს ფლობდა). ხოლო შემდეგ არც თავად არაგვის ერისთავი დაინდო (1630წ.). 1631 წელს დაღესტანს ილაშქრა თეიმურაზმა და ოთხი დღე არბია იქაურობა - ლეკებს კარგა ხნით დაეკარგათ მადა კახეთზე ლაშქრობისა. 1626-1629 წლებში ევროპაში იმყოფებოდა თეიმურაზის ელჩი ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი). ის შეხვდა ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს. რომის პაპ ურბან VIII-ს. მაგრამ რეალური დახმარება არც დასავლეთიდან ჩანდა. ნიკიფორეს ინიციატივით 1629 წელს იტალიაში დაისტამბა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი. 1632 წელს თეიმურაზი და განჯა-ყარაბაღის ბეგლარბეგი დავით (დაუდ-ხან) უნდილაძე შეითქვნენ და აუჯანყდნენ ირანის მაშინდელ ხელმწიფეს – შაჰ სეფის, იორზე სპარსთა ჯარი ამოწყვიტეს. შაჰ სეფიმ საპასუხოდ უნდილაძეთა საგვარეულო ამოწყვიტა, ხოლო საქართველოს მეფედ, თეიმურაზის წინააღმდეგ, როსტომ-ხანი (ხოსრო-მირზა) გამოგზავნა. 1633 წელს როსტომი დიდი ირანული ჯარით ქართლში მოვიდა. თეიმურაზმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა და იმერეთს შეაფარა თავი, თავის სიძე ალექსანდრე III-სთან. 1634 წელს, ზაალ არაგვის ერისთავის დახმარებით, თეიმურაზმა ქართლის დაბრუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სამაგიეროდ მან დაიბრუნა კახეთი - იქაურმა მმართველმა, სალიმ-ხანმა ძლივს გაასწრო “ფეხშიშველამან”. შაჰ სეფიმ დიდძალი ჯარი გამოუგზავნა როსტომ მეფეს თეიმურაზის მოსასპობად და კახეთის წასართმევად. როსტომიც დაიძრა კახეთისაკენ, მაგრამ თეიმურაზმა დაასწრო და წერილი მისწერა როსტომს – ჩვენ ნათესავები ვართ და ერთმანეთს ნუ დავხოცავთ, შევრიგდეთ, შაჰთანაც შემარიგე და დამამოყვრე, ცოლად ჩემს ასულს, თინათინს მივცემო. როსტომმა მართლაც შეარიგა და დაამოყვრა თეიმურაზი და შაჰ სეფი. დროებითი სიმშვიდე დამყარდა, თუმცა თეიმურაზი მაინც არ წყვეტდა ბრძოლას ირანული უღლის საბოლოოდ გადასგდებად. 1635 წელს მან მორიგი ელჩობა გაგზავნა რუსეთში. 1639 წელს კი “ფიცის წიგნი” განაახლა და რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. მიუხედავად ამისა რუსეთიდან დახმარება არ ჩანდა. 1642 წელს თეიმურაზის ფარული ხელმძღვანელობით როსტომ-ხანის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ: ზაალ არაგვის ერისთავი, ნოდარ ციციშვილი, იოთამ ამილახორი, კათოლიკოსი ევდემონ დიასამიძე და სხვები. შეთქმულება გაცემული იქნა და ჯარით მეტეხს მოსული კახთა ბატონი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო. 1648 წელს “გურჯისტანის ვალმა” ქართლისა და ყიზილბაშთა გაერთიანებული ჯარით კახეთს ილაშქრა. მაღაროსთან ბრძოლაში კახელები დამარცხდნენ, დაიღუპა თეიმურაზის ვაჟი დავითი. კახეთის მეფე ყველამ მიატოვა, და როსტომს თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა მოწინააღმდეგის დაპატიმრება, მაგრამ მან “სულგრძელობა” გამოიჩინა და საშუალება მისცა თეიმურაზს იმერეთში გადასულიყო. სანამ თეიმურაზი თავისუფალი იყო და სანამ შაჰი ყოველთვის მისი აჯანყების მოლოდინში უნდა ყოფილიყო, ირანის სამეფო კარი შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდა როსტომს. როგორც კი თეიმურაზი ყიზილბაშებს ჩაუვარდებოდა ხელში, შაჰი მაშინვე შეზღუდავდა როსტომის უფლებებს. სწორედ ამ მიზეზით არ შეიპყრო როსტომ-ხანმა თეიმურაზი. იმერეთში გახიზნული კახეთის მეფე ბრძოლას არ წყვეტდა და მოკავშირეებს ეძებდა. 1653 წელს მან რუსეთში გაგზავნა თავისი ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი მემკვიდრე, შვილიშვილი ერეკლე. 1658 წელს მეფე თავად გაემგზავრა ჩრდილოეთში. სამწუხაროდ, კვლავ უშედეგო იყო მისი ცდები, მიეღო დახმარება. 1661 წელს იმერეთში დაბრუნებული თეიმურაზი ბერად აღიკვეცა და სკანდეს ციხეში განმარტოვდა. 1662 წელს, იმერეთში გადმოსულ ქართლის მეფეს, ვახტანგ V შაჰნავაზს ეახლა თეიმურაზი და ირანში გამგზავრება და შაჰთან შერიგება სთხოვა. აუსრულა ეს თხოვნა მხცოვან ხელმწიფეს ვახტანგმა. დიდის პატივით შეხვდა შაჰ აბას II თეიმურაზს ირანის სატახტო ქალაქ ისფაჰანში. ბოლოს, მაინც “ჩვეულებრივი მოსათხოვარი” მოსთხოვა ირანის შაჰმა ქარველ მეფეს – ქრისტიანობის განტევება და მაჰმადიანად მონათვლა. თეიმურაზმა უმალვე ცივი უარი სტკიცა. შაჰმა მაშინვე ბორკილები გაუყარა და ასტრაბადის ციხეში ჩააგდო. 1663 წლის თებერვალში, თეიმურაზ მეფე გარდაიცვალა. ქართველებმა მისი ნეშტი ჩამოასვენეს და ალავერდის ტაძარში დაკრძალეს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა და იომა 58 წელიწადი, აღესრულა 74 წლისა. თეიმურაზ I-ს უეჭველად დიდი წვლილი მიუძღვის XVII საუკუნეში საქართველოში ქართველობის და ქრისტიანობის გადარჩენის საქმეში. იგი თითქმის ერთადერთი იყო, ვინც იმ უმძიმეს ეპოქაში გულით დაატარებდა სამშობლოს თავისუფლების იდეას... სამწუხაროდ ჩვენს ისტორიოგრაფიაში თეიმურაზ I-ის სახელი რამდენადმე მიჩქმალულია გიორგი სააკაძის ფონზე. თეიმურაზ I-მა დიდი პოეტური მემკვიდრეობა დატოვა. მის კალამს ეკუთვნის პოემები – “წამება ქეთევან დედოფლისა”, “გაბაასება გაზაფხულისა და შემოდგომის”, “გაბაასება ბაგისა და ღვინისა”, “მაჯამა”, “თამარის სიძე დავით გარეჯას”, “გრემის სასახლე” და სხვა.
|