ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) – 1703-1714 წლებში, მეფე – 1716-1724 წლებში, გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. 1703 წ. ირანის შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის მეფობა დაუბრუნა, მაგრამ ირანში დატოვა, ხოლო ქართლში მეფის მოადგილედ (“ჯანიშინად”) მისი ძმის შვილი ვახტანგი დარჩა. “ჯანიშინობის” პერიოდში ვახტანგმა სცადა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენა, სამეფო კარს ჩამოაცილა მისთვის მიუღებელი პირები, ალაგმა ურჩი თავადების თვითნებობა, სასტიკად აკრძალა ტყვის სყიდვა. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით შექმნა ე. წ. “მცველთა ჯარი”. 1705 წ. მისი ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც გადააყენა საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი კათოლიკოს-პატრიარქი ვედემოზ II და მის ნაცვლად ქართლის კათოლიკოს-პატრიარქად რუსეთიდან ახლად დაბრუნებულივ ახტანგის ძმა – დომენტი აირჩია. ვახტანგმა ეკლესიას დაუბრუნა თავადების მიერ მიტაცებული მიწები. აღადგინა მცხეთის ეკლესიის მემამულეობა. ვახტანგის ჯანიშინობის პერიოდში ქართლის თავადებმაც დაიბრუნეს წინათ გაქცეული ყმები. თავისი მმართველობის პირველივე წლებში ვახტანგა დიდი საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა, მან შეკრიბა ძველი ქართული და უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები, ერთ კრებულად შეკრა და თან დაურთო სამეფო დარბაზის მონაწილეობით შედგენილი საკუთარი სამართლის წიგნი. ეს კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისათვის შეადგინა, მაგრამ მალე ის მთელ საქართველოში მომქმედ კანონმდებლად იქცა. რის გამოც მას “სჯულმდებელი” შეარქვეს. ვახტანგის მოღვაწეობის იმავე ხანას ეკუთვნის მისი მეორე საკანონმდებლო ძეგლი – “დასტურლამალი”, რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა. ვახტანგმა დიდი ყურადღება მიაქცია მეურნეობის აღდგენას, ხელახლა დაასახლა დაცარიელებული სოფლები და მთელი მხარეები (თრიალეთი, ბაიდარი, ტაშირი, საბაშიო); ააგო სასახლეები (თბილისს, გორს, კოჯორს), ქარვასლები; განაახლებინა თბილისის სიონის პერანგი (მოპირკეთება); შეაკეთებინა მცხეთის, ურბნისისა და სადგერის ტაძრები. ზრუნავდა გზებისა და ხიდების მოვლაზე. ვახტანგმა განაახლა დიდი ხნის წინ მოშლილი სარწყავი არხები ყარაიას (“ვახტანგის რუ”), სომხითს, ხუნანს (“ვახტანგის რუ”), შიდა ქართლს, სააბაშიოს (“ქვიშხეთის რუ”). იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მეურნეობის სხვადასხვა დარგის – მევენახეობის, მეჯოგეობის, მეპურეობის, მეაბრეშუმეობის, მებამბეობის განვითარებას. მის დროს გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა, საქალაქო ცხოვრება, თავის კეთილდღეობას დაუბრუნდა თბილისი. ჯანიშინობის პერიოდში ვახტანგმა დიდი კულტურული მოღვაწეობა გააჩაღა. 1709 წ. მან ვლახეთში (რუმინეთი) მოღვაწე ქართველის, ანთიმოზ ივერიელის დახმარებით დააარსა საქართველოში პირველი ქართული სტამბა. მასში დაიბეჭდა საეკლესიო წიგნები, რითაც ხელი შეუწყო ქართული ეკლესიების წიგნით მომარაგებას, ხოლო 1712 წ. პირველად – “ვეფხისტყაოსანი” თვით ვახტანგ მეფის კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევით, რითაც დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. მოგვიანებით ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა “აპოვთეგმატას” ე. თურქესტანიშვილისეული მოკლე რედაქცია (“სიბრძნე მალაღობელი”). თარგმნა “ქილილა და დამანა”, “ამირნასარიანი” და სხვ. ძველ ქართულ მწერლობაში ერთ-ერთმა პირველმა შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები. აღსანიშნავია ვახტანგ VI-ის ზრუნვა “ქართლის ცხოვრების” (“საქართველოს ისტორიის”) ტექსტის დადგენისა და გამართვისათვის. ამ მიზნით მან შეადგინა სწავლულ კაცთა კომისია ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით, რომელმაც დიდი მუშაობა გასწია “ქართლის ცხოვრების” გადამუშავება-რედაქტირების,ტექსტის გამართვის, სამსაუკუნოვანი (XIV-XVII სს.) ხარვეზის შევსების მიზნით, რის შედეგადაც შეიქმნა “ახალი ქართლის ცხოვრება”. ვახტანგს თავის გარშემო შემოკრებილი ჰყავდა კულტურულ მოღვაწეთა მთელი დასი, რომელთა შორისაც იყვნენ მისი შვილი, ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი, მისი აღმზრდელი – სულხან-საბა ორბელიანი და სხვ. ვახტანგი ცდილობდა თავისი გავლენა გაევრცელებინა საქართველოს სამეფო სამთავროებზე. როგორც ჩანს, ამას ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, რადგან ჯანიშინს “მორჩილებდნენ იმერნი, უსმენდნენ კახნი”. 1711 წ. მან დალაშქრა და დახარკა დვალეთი, რითაც ხელში ჩაიგდო ამერი და იმერი კავკასიის შემაერთებელი გზა და ქართლის სამეფო უფრო მეტად გაძლიერდა. 1712 წელს, გიორგი XI-სა და შემდეგ ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსრო მეფის ავღანეთში დაღუპვის შემდეგ, ვახტანგ ჯანიშინი ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზედაც ვახტანგმა უარი განაცხადა, ამიტომ იგი ქირმანში გადაასახლეს. სულხან-საბა ორბელიანმა ევროპაში იმოგზაურა, რათა დაერწმუნებინა ევროპის მონარქები (რომის პაპი კლემენტი XI, საფრანგეთის მეფე ლუი XIV), ეთხოვათ შაჰისათვის ვახტანგი ქრისტიანობით დაემტკიცებინა ქართლის მეფედ, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. 1716 წ. ვახტანგმა ფორმალურად მიიღო მაჰმადიანობა, შაჰმა კი იგი ქართლის მეფედ დაამტკიცა და მხოლოდ 1719 წ. დააბრუნა სამშობლოში. მეფობის პერიოდში (1716-1724 წწ.) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ჯანიშინობის პერიოდში დაწყებული საქმიანობა, მაგრამ დაძაბულმა საერთაშორისო ვითარებამ მას ამის საშუალება არ მისცა. საქართველო ისევ გახდა კავკასიაში გაბატონებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ცილობის ობიექტი. ასეთ ვითარებაში ვახტანგ VI რუსული ორიენტაციის გზას დაადგა და 1720 წ. სამხედრო-პოლიტიკური კავშირი დაამყარა პეტრე I-თან, მათ გადაწყვიტეს ერთად გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარი უნდა შესულიყო აზერბაიჯანში, სადაც მას შეუერთდებოდა ქართველთა და სომეხთა ლაშქარი და ერთობლივად უნდა აეღოთ ირანი. 1722 წ. პეტრე I-მა დაიწყო ლაშქრობა კავკასიის მიმართულები და ხელთ იგდო კასპიის ზღვის დაღესტნის სანაპირო, დარუბანდი, მაგრა ლაშქრობა შეწყვიტა და ასტრახანში გაბრუნდა. ვახტანგ VI კი, შეთანხმებისამებრ, ქართველთა და სომეხთა 40 000-იანი ჯარით განჯასთან იდგა და ამაოდ ელოდა რუსეთის ჯარის გამოჩენას. სამი თვის ლოდინის შემდეგ აცნობეს მას ლაშქრობის გადადების ამბავი, რამაც მეფე უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა. განრისხებულმა შაჰმა ქართლი გამაჰმადიანებულ კონსტანტინე კახთა მეფეს გადასცა, რომელმაც 1723 წ. ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი. ლეკებმა გაძარცვეს და გადაწვეს თბილისი. ამ დროს ოსმალები შემოიჭრნენ და მალე მთელი ქართლი დააკავეს. ამაოდ ელოდა ვახტანგი რუსეთიდან დამხმარე ძალას. მას საქართველოში აღარ ედგომებოდა. 1724 წლის ივლისში ვახტანგ VI თავისი ოჯახის წევრებით, მათ შორის: ტახტის მემკვიდრე ბაქარიც, თანამოღვაწეების 1200 კაციანი ამალით რაჭის გზით რუსეთს გაემგზავრა. იგი იმედოვნებდა, რომ რუსეთის მხარდაჭერითა და დამხმარე ჯარით მალე უკან დაბრუნდებოდა და თავის სამშობლოს დამპყრობთაგან გაათავისუფლებდა, მაგრამ მას საქართველოში დაბრუნება აღარ ეწერა. 1737 წლის 26 მარტს ვახნტანგ VI გარდაიცვალა ქ. ასტრახანში. დაკრძალულია იქვე, მიძინების ტაძარში.
|