ქართლის მეფე 1658-1675 წლებში, თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე. ვახტანგი იყო ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს პირველი წარმომადგენელი ქართლის სამეფო ტახტზე, სათავადოს მეთაური 1629-1658 წწ. იგი მისმა წინამორბედმა როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 წ. ვახტანგი ირანში გაგზავნეს, სადაც გაამაჰმადიანეს და შაჰ ნავაზი უწოდეს. 1658 წ. შაჰ-აბას II-მ იგი ქართლის მეფედ (“ვალი”) დაამტკიცა. ვახტანგ V-ის გამეფებით ქართლში დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა დინასტიის უმცროსი შტოს – მუხრანბატონების მეფობას. ამ დინასტიის წარმომადგენლები, მათ შორის ვახტანგ V-ც, მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. ზრუნავდნენ ქართული მწერლობის, ისტორიის, კულტურის განვითარებისათვის. ვახტანგ V მაჰმადიანი იყო მხოლოდ გარეგნულად. იგი ხელს უწყობდა ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერებას. ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიზანი იყო ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცება, ქართლის საშინაო ცხოვრების მოწესრიგება, ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის ხელის შეწყობა. მეორე მხრივ, ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან ჭიდრო კავშირი ქართლის ჰეგემონობით. 1659 წელს ვახტანგი ფარულად ხელს უწყობდა ბახტრიონის აჯანყების მოწყობას კახეთში შემდეგ მან მოაკვლევინა კახეთის ფაქტობრივი გამგებელი ზაალ არაგვის ერისთავი, რის შედეგადაც მის მმართველშბაში გადავიდა თითქმის მთელი კახეთი (გარდა იმ ციხეებისა, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები იდგნენ). ისარგებლა იმერეთში არსებული არეულობით, დაიკავა მისი დიდი ნაწილი და თავისი ვაჟი არჩილი 1661 წ. იმერეთის ტახტზე აიყვანა. ვახტანგმა ოდიშზეც გაილაშქრა. დადიანად დასვა ლევან III, რომელსაც ცოლად შერთო თავისი ძმისწული თამარი. ამასთან, მას ეახლნენ აფხაზეთისა და გურიის მთავრები და მორჩილება გამოუცხადეს. ასე რომ, თითქმის მთელი საქართველო ვახტანგ V-ის ხელქვეით გაერთიანდა. “და მეფობდა მეფე შაჰნავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართელოსა შინა” (ბერი ეგნატაშვილი). მაგრამ ეს გაერთიანება დროებითი აღმოჩნდა; მალე ოსმალეთის მოთხოვნით ვახტანგ V იძულებული გახდა არჩილი იმერეთიდან გაეყვანა. ეს უკანასკნელი გაემგზავრა ირანს, სადაც გაამაჰმადიანეს, კახეთის მეფობა უბოძეს და საქართველოში გამოისტუმრეს (1664წ,). კახეთში მისი შვილის, არჩილის მეფობის დროს, ქართლ-კახეთს ფაქტიურად ვახტანგ V განაგებდა. ქვეყანა მოღონიერდა: მამა-შვილმა ალაგმეს ლეკთა თარეში, სასტიკად აკრძალეს ადამიანთა უცხოეთში გაყიდვა, ყოველმხრივ ხელი შეუწყვეს შერყეული ქრისტიანობის გაძლიერებას, ჩამოართვეს თავადაზნაურებს მინატაცები საეკლესიო ყმა-მამული და აღადგინეს ეკლესია-მონასტრების მფლობელობა. გარდა ამისა, იგი ცდილობდა მოეზიდა ევროპელი ვაჭრები და აღედგინა ევროპა-ინდოეთის სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც ერთ დროს საქართველოზე გადიოდა. ასე რომ, ქართლის ეკონომიკური წინსვლა, როსტომ-ხანიდან რომ დაიწყო, მეფე ვახტანგის დროს კიდევ უფრო სწრაფად წარიმართა. ქვეყნის ასეთი დაწინაურება მხედველობიდან არ გამოპარვია ირანის ახალ შაჰს სულეიმანს. მან გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ქართლ-კახეთის ერთიანობისთვის და არჩილსა და ვახტანგ V-ს დაუპირისპირა მოსკოვის სამეფო კარზე მყოფი კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის შვილობილი – ერეკლე. მასთან ბრძოლა არჩილმა უიმედოდ მიიჩნია. 1675 წ. თავი მიანება კახეთის ტახტს და იმერეთის ტახტის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ შესძლო და ახალციხეში გაიქცა. უფრო ადრე ასევე მოიქცა ვახტანგ V-ის მეორე შვილი – ლუარსაბი. არჩილისა და ლუარსაბის ახალციხეში წასვლა ვახტანგ V-ს დანაშაულად ჩაუთვალა შაჰმა და ახსნა განმარტებისთვის დაიბარა. 1675 წ. ირანში მიმავალი მეფე ვახტანგი გზაში ავად გახდა და ხოშკარში გარდაიცვალა. იგი ირანს წაასვენეს და ქ. ყუმში დაკრძალეს.
|