ქართლის (იბერიის) მეფე V ს. მე-2 ნახევარში. დაახლ. 449-494 წწ. მირდატ VIII-ის ძე. ვახტანგ მეფეზე ”ქართლის ცხოვრებაში” ცალკე თხზულება არის შესული ”ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან. საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგითრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დომენში (კახეთ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისოკპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გაააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო, მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა. ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა. დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას ”ვახტანგიანს” და ”გორგასლიანს” უწოდებდნენ. ”გორგასალი” (სპარსულად ”მგლისთავს” ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული. ვახტანგი ბროძლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად ტგარდაიცვალა. იგი დაუკრძალიათ მცხეთაში. მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ახალი ტაძარგი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული.
|