ქართლის მეფე 1688-1703 წლებში, კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის ძის, დავითის შვილი. ერეკლე I რუსეთის სამეფო კარზე აღიზარდა, სადაც თითქმის 20 წელი "სტუმრად" იმყოფებოდა (იქ ცნობილია ნიკოლოზის ბატონიშვილის სახელით). ერეკლე კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. იგი 1662 წ. საქართველოში ჩამოვიდა და შეეცადა კახეთში გამეფებულიყო, მაგრამ ამაოდ. ქართლის მეფე ვექტანგ V-მ (1658-1675 წწ.) კახეთის ტახტზე 1664 წ. თავისი შვილი არჩილი აიყვანა, ერეკლე კი ისევ რუსეთში დაბრუნდა. მამა-შვილის ვახტანგ V-ისა და არჩილის წარმატებული მეფობა შაჰს არ მოსწონდა, ამიტომ მათ დაუპირისპირა რუსეთში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი, რომელსაც სათანადო სიგელებითა და წერილებით აღუთქვა საქართველოში გამეფება, თუ იგი მოსკოვიდან წამოვიდოდა და მასთან გამოცხადდებოდა. 1675 წ. ერეკლე შაჰს ეახლა ირანში. მას გამეფების პირობად გამაჰმადიანება მოსთხოვეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. 1688 წ. შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI (1676-1688; 1703-1709 წწ.) გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარ-ალი ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა. ნაზარ-ალი-ხანი ირანის მორჩილი იყო. მის დასაყრდენს ძირითადად წარმოადგენდა ქართლის ციხეებში მდგარი ყიზილბაშ მეციხოვნეთა ჯარი. ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით მან რიგი ღონისძიებანი განახორციელა. კერძოდ, გადააყენა უმაღლესი საეკლესიო პირები (კათოლიკოსი, ეპისკოპოსები) და მათ ადგილზე თავისი მომხრეები დააყენა. ასევე დაამცრო ძირძველი დიდებული თავადები (მეწინავე დროშის სარდალი,ა მილახორი, მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი) და განადიდა თავისი ერთგულები. მან ქართლში მტკიცე მმართველობის შემოღება და სამართლის წარმოების გაუმჯობესება სცადა. აღსანიშნავია ნაზარალი-ხანის საქალაქო პოლიტიკა. მან გააუქმა თბილისში ბეითალმანობის წესი და მოქალაქეებს საკუთრების ქალაქური უფლება აღუდგინა, განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი. შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება. ნაზარალი-ხანი რუსეთში იყო აღზრდილი და ნაკლებად იცნობდა ქართულ ადათ-წესებს. იგი თავიდანვე ვერ შეეგუა ქართველ თავადებს, საზოგადოებას განსაკუთრებით რუსეთში შეთვისებული მისი ბილწსიტყვაობა არ მოსწონდა, ვერ ეგუებოდა მის უხეშ, უტაქტო მოქმედებას. მას მიერ ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შეიზღუდა დიდ თავადთა უფლებები, ქვეყანაში გაძლიერდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა პარპაში. ყოველივე ამის გამო ქართველი თავადების დიდმა ნაწილმა ისევ გიორგი XI-ის გამეფება მოინდომა. 1691 წ. გიორგი XI შემოვიდა ქართლში, რის გამოც ნაზარალი-ხანი იძულებული გახდა თბილისში ჩაკეტილიყო. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა მათ შორის (“ორიანობა”). 1703 წ. შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის სამეფო დაუბრუნა, ერეკლე I-ს კი კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დატოვა, კახეთი კი სამმართველოდ მის შვილს, დავითს (იმამყული-ხანს) ჩააბარა. ირანში დარჩენილი ნაზარალი-ხანი შაჰმა თავისი გვარდიის სარდლად, ყულარაღასად, დანიშნა. ნაზარალი-ხანი ირანშივე გარდაიცვალა 1709 წელს.
|