საქართველოს მეფე 1245-1258 წწ. დასავლეთ საქართველოს მეფე 1258-1293წწ. ძე რუსუდან მეფისა. 1230 წელს ხუთი წლის დავითი რუსუდანმა თანამოსაყდრედ (თანამეფედ) გამოაცხადა. ამით მას სურდა დაეპირისპირებინა იგი ძმისწულისთვის, დავით ლაშას ძისთვის. მალე რუსუდანმა დავით ლაშას ძე რუმში გაგზავნა და სიძეს, ქაიხოსრო ყიას ად-დინს, დილეგში ჩააგდებინა. მონღოლებთან მიაღწია შეთანხმებას, მისი ძე მეფედ ეცნოთ. და შვილი მონღოლეთს, ყაენთან გაგზავნა, მეფედ დასამტკიცებლად. დავითი მონღოლეთიდან რამდენიმე წელს აღარ გამოუშვეს, როცა ჩამოვიდა, დედამისს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო. ამასობაში მონღოლთა სატახტოში (ყარაყორუმში) დავით ლაშას ძეც ჩავიდა საქართველოს ტახტის საძიებლად. 1249 წელს მანგუ ყაენმა ორივე დავითი დაამტკიცა საქართველოს მეფეებად – დავით ლაშას ძე, “ულუ” (უფროსი) და დავით რუსუდანის ძე, “ნარინ” (უმცროსი) ანუ, დავით VI ნარინი და დავით VII ულუ. 1249-58 წლებში ორი დავითი ერთად მართავდა საქართველოს. 1258 წელს დავით ნარინი ჰულაგუ ყაენს გადაუდგა და დასავლეთ საქართველოში (ქუთათისში) გამაგრდა. ამიერიდან საქართველოში ორმეფობა დაიწყო. 1261 წელს დავით ნარინმა პატივით მიიღო ყაენისგან განდგომილი დავით ულუ. მერე მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა. დავით ულუს “დასი” ნარინს ტახტიდან ჩამოგდებას უპირებდა. მაგრამ ისევ შეთანხმდნენ და საქართველო კვლავაც ორად “გაიყვეს”. დავით ნარინი მფარველობდა და უკავშირდებოდა ყველას, ვისაც საომარი მდგომარეობა ჰქონდა მონღოლთა ყაენთან. მან ასეთი მეგობრული და მეომრული კავშირი შეკრა ეგვიპტის სულტან ბიბარსთან. დავითმა ქუთათისის სასახლეში დიდის პატივით მიიღო და თანადგომა აღუთქვა აბაღა ყაენისგან დამარცხებულ და დევნილ თეგუდარს. აბაღა დიდძალი ძღვენისა და პატივის აღთქმით ეხვეწებოდა დავითს, უარი ეთქვა თეგუდარის თანადგომა-შემწეობაზე. როცა თეგუდარელებმა დასავლეთ საქართველოშიც თვითნებობა დაიწყეს, დავით ნარინმა აბაღა ყაენის თხოვნა აღასრულა და თეგუდარი დასავლეთ საქართველოდან გამოდევნა. აბაღამ თეგუდარი გაანადგურა და დავითს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა. მალე დავითმა შეიფარა აბაღა ყაენის ახალი მოქიშპე – ღალღური. ამ დროს დავითს განუდგა რაჭის ერისთავი – კახაბერ კახაბერისძე, რომელმაც ღალღური გადაიბირა, ყაენს შეარიგა და ორჯერ მონღოლთა ლაშქარიც შემოუსია ქუთათისს (1275, 1278 წწ.). მერე კახაბერისძემ პატიება ითხოვა; დავითმაც აპატია. თუმცა მალე ისევ გამჟღავნდა კახაბერისძის ღალატი. მაშინ დავით მეფემ მას თვალები დათხარა, ცალი ხელი და ცალი ფეხიც მოკვეთა და მისი ორივე ვაჟი კონსტანტინოპოლს გააძევა. დავითის დროს პონტო-ტრაპეზუნტის მხარე (თამარისაგან დაარსებული “ტრაპიზონის იმპერია”) ბიზანტიამ დაიპყრო. დავით ნარინი ამას არ შეურიგდა, პონტო-ტრაპიზონის ქვეყანას ჯარი შეუსია. ბიზანტიელები განდევნა და ეს ძველი ქართული ქვეყანა ისევ საქართველოს დაუქვემდებარა (1282წ.). დავითი სიკვდილამდე დარჩა აზიელ ხელმწიფეთაგან ერთადერთი, რომელიც მონღოლებს არ ემორჩილებოდა და თავის სამფოს დამოუკიდებლად განაგებდა. იგი გარდაიცვალა 1293 წელს, 68 წლის ასაკში. იყო ტანად საშუალო, ხმელი, ძვალთხელი, პირად ფერმკრთალი; ტკბილმოსაუბრე, მტკიცენებოვანი. იგი ორჯერ იყო ნაქორწინევი. პირველი ცოლი იყო თამარ ამანელისძის ასული, რომლისგანაც შეეძინა სამი ვაჟი – ვახტანგი, კონსტანტინე და მიქაელ. მეორე ცოლი იყო თეოდორა, ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ VIII პალეოლოგოსის ასული, რომლისგანაც დარჩა კიდევ ერთი ძე –ალექსანდრე. დავით ნარინ რუსუდანის ძე დაკრძალულია გელათს.