დავით IV აღმაშენებელი – ძე გიორგი II-ისა, საქართველოს უდიდესი ხელმწიფე, ზეობდა 1089-1125 წლებში. უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, გამეფდა 1089 წელს, მას შემდეგ რაც პროგრესულმა მოღვაწეებმა გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჩუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული. გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფორმა, რომლის ძალით, საეკლესიო თანამდებობიდან გადააყენა უღირსი სამღვდელონი. ამიერიდან სასულიეროთა და საეროთა დაწინაურება ხდებოდა არა წარჩინებულობისა და წოდებრიობის მიხედვით, არამედ მხოლოდ პირადი ღირსებების გათვალისწინებით. დაახლოებით იმავე ჟამს შექმნა დავითმა «სავაზირო» («მთავრობა»), რომელსაც სათავეში ჩაუყენა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (ერისა და იმავე დროს, საერო და სასულიერო ხელისუფალი). 1104 წელს, კახეთ-ჰერეთი შემოიერთა და იმავე წელს ერწუხთან გამართულ ბრძოლაში, გაანადგურა სელჯუკები. 1110 წელს აიღო სამშვილდე და ძერნა, იმავე წელს თრიალეთში მოსპო თურქთა უზარმაზარი მხედრობა, 1115 წელს თურქებს წაართვა რუსთავი. 1116 წელს თურქთა დიდი ბანაკი გაანადგურა ტაოში, 1117 წელს აიღო გიში და ქალაძორი (შირვანში), 1118 წელს თურქები მოსპო რახსის პირას, იმავე წელს აიღო ლორე და აგარანი. 1118-1119 წლებში გაატარა სამხედრო რეფორმა: ჩრდილოეთიდან გადმოასახლა 200000 ყივჩაყი – 40000 ოჯახი; ყოველი ოჯახიდან ერთი მეომარი მუდმივ ჯარისკაცად გაამწესა; ამას გარდა ჰყავდა 5000 მონა-სპა და ქართველთა ლაშქარი, საჭიროების დროს «ქუდზე კაცის» დაძახილით. 1118 წელს დაიმორჩილა ოვსეთი, 1120 წელს გაანადგურა თურქები ბორტიასთან, იმავე წელს შირვანში აიღო: ყაბალა, ლიჟათი, ქურდევანი, ხოლო სამხრეთით გაანადგურა თურქები აშორნიას, სევგელმეჯს. რამდენჯერმე ილაშქრა სომხეთში, სპარსეთსა და სირიაში. 1121 წელს მოსპო თურქთა მხედრობა ხუნანს, ბარდავს და განძას. ამავე 1121 წლის 12 აგვისტოს გადაიხადა ყველაზე დიდი ბრძოლა – დიდგორის ომი, სადაც 56000 მეომრით სრულიად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური 400000-ანი ურდო. ამ ბრძოლის შემდეგ საქართველო ყველამ აღიარა როგორც წინა აზიაში უძლიერესი სახელმწიფო. მომდევნო 1122 წელს გაათავისუფლა ტფილისი და სამეფო ტახტიც აქვე გადმოიტანა ქუთათისიდან. 1123 წელს აიღო დმანისი, შირვანში – გულისტანი, შაბურანი, ღასანნი, ხოზაონდტი და დარუბანდი, სომხეთში: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი, ტალინჯაქარი. იმავე წელს, თურქები გაანადგურა ჯავახეთს, კოლას, კარნიფორმას, ბასიანსა და სპერს; მას უკან, შემოიმტკიცა ანისი, ვანანდი, არარატი, ხაბანდა, არცახი, 1124 წელს ხელახლა დაიმორჩილა შირვანი – შემახია, ბირიტი, დარუბანდი. ამგვარად, დავით აღმაშენებელმა თავისი სკიპტრის ქვეშ მოაქცია და გააერთიანა კავკასიის ხალხები და შექმნა მძლავრი «კავკასიური იმპერია», რომელშიც გაშლილი იყო «ნიკოფსიიდან (ტუაპსე) დარუბანდამდე (დერბენდი) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სამხრეთ სომხეთი)». მის სახელმწიფოში ყველა ერი ცხოვრობდა სრული თანასწორობით, თანადგომითა და თანაძმობით, განურჩევლად მათი ტომობრივი წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობისა. დავითი იყო დაუცხრომელი კულტურული აღმშენებლობის მოთავე თავად დიდი მწიგნობარი, მუდამ ზრუნავდა განათლებული საზოგადოების აღზრდისათვის, ახალგაზდრობას აგზავნიდა უცხოეთის კულტურულ ცენტრებში სასწავლებლად. თვითონ საქართველოში დიდი კულტურული სავანეები ააშენა. 1106 წელს დაიწყო სახელოვანი გელათის მშენებლობა. აქ დააარსა ცნობილი «გელათის აკადემია», სადაც სამოღვაწეოდ ჩამოიყვანა საზღვარგარეთ სახელგანთქმული ქართველი მეცნიერები, მწერლები, ფილოსოფოსები, მათგან – იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აადემიები დააარსა აგრეთვე იყალთოში, გრემში, მღვიმევში. დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომ დემეტრე I). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე – ვახტანგი (ცუატა), და ასულნი – თამარი, კატა და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატა – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოვსეთის მეფეს (დემეტრე I-ის დროს მისთხოვდა). ვახტანგი, დავითის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა. დემეტრე ამ ანდერძს არ შეასრულებს... დავითი იყო «შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა». გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიწადს, აღესრულა 53 წლისა. დაკრძალეს მისგანვე აგებულ გელათს, ამიერიდან ერთიანი საქართველოს მეფეთა სამარხ-სამარტვილეში. ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – «აღმაშენებელი» და ტიტულატურით – «მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა». მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს («დავითფერული») და ქართულ დროშას («დავითიანი»). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - «გალობანი სინანულისანი».
|