იბერიის მეფე 396-412 წლებში. ძე ვარაზ-ბაკურისა. ახალგაზრდობაში იგი ბიზანტიაში - კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე ფარსმან იბერიელის სახელით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა იმპერატორ არკადიუსის კარზე. როცა იმპერიის მთავარსარდლის პოსტზე ორი კანდიდატურა: იბერიელი ფარსმანი და გერმანელი გაინა განიხილებოდა - არკადიუსი უფრო ქართველის მხარეს იხრებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ გამომჟღავნდა, რომ ფარსმანი იმპერატორის მეუღლის ევდოქსიას საყვარელი იყო. ფარსმანი იძულებული გახდა იბერიაში გამოქცეულიყო, სადაც მალ, მამამისის გარდაცვალების შემდეგ მეფეც გახდა. (თუმცა მას, როგორც მამამისს არ ემორჩილებოდა იბერიის ნაწილი - კლარჯეთი და ჯავახეთი). ფარსმან V-ის პოლიტიკა ბიზანტიისადმი საკმაოდ მტრული იყო, მან რამდენჯერმე კავკასიის მთებიდან გადმოუშვა თეთრი ჰუნები და არკადიუსის სამფლობელოებს მიუსია. 408 წლის მერე, არკადიუსის სიკვდილის შემდეგ იბერია-ბიზანტიის ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა.
|