XIX საუკუნის დამდეგს დაწყებული ეროვნული მოძრაობის ლოგიკურ გაგრძელებას
წარმოადგენდა 1832 წლის შეთქმულება, რომლის სულისჩამდგმენელნი იყვნენ რუსეთში
გადასახლებული ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები. ამ შეთქმულებაში
მამაკაცებთან ერთად მონაწილეობდა მრავალი ქალი, მათ შორის გამორჩეულია მეფე ერეკლეს
შვილიშვილი ბატონიშვილი თამარი.
1805 წელს თამარის მამა იულონ ბატონიშვილი
ცოლშვილით რუსეთში, კერძოდ ტულაში გადაასახლეს. კარგა ხნის შემდეგ მათ ნება დართეს
პეტერბურგში ცხოვრებისა, საიდანაც თამარმა მოახერხა თავის დაღწევა და თბილისში
დაბრუნება.
1832 წლის შეთქმულებაში ბატონიშვილი თამარი არა მარტო
ორგანიზატორი და ინფორმატორი იყო, არამედ მას ინსტრუქციებიც კი შეუმუშავებია
შექმულთა მთავარი შტაბისათვის; მის ხელთ იყო ყველა ძალები და საჭირო
განკარგულებებსაც და გეგმებს ის იძლეოდა.
შეთქმულების მონაწილეებს
გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დედოფლად გამოცხადება, თუმცა თამარს აზრად ჰქონდა
დროებით აეღო ხელში საქართველოს მართვა-გამგეობა, ვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი
სპარსეთიდან ან თამარის ძმა, დიმიტრი პეტერბურგიდან ჩამოვიდოდა.
შეთქმულთა
აჯანყება 1831 წლისათვის ჰქონდათ განზრახული - პოლონეთის აჯანყებასთან და მთის
ბრძოლებთან დაკავშირებით, მაგრამ ვარშავის დაცემამ გამოიწვია აჯანყების ერთი წლით
გადაწევა. თამარი დიპლომატიურ-ორგანიზაციულ მუშაობას განაგრძობდა.
თამარის
მიერ დამტკიცებული მოქმედების გეგმის თანახმად (გეგმას ერქვა "პირველი ღამის
განკარგულება") 1832 წლის 20 დეკემბრის ღამის 1 საათზე თბილისის ზარებს უნდა ემცნოთ
ქართველი ერის აღდგომა ... არსენალი, ხაზინა, სამხედრო პოსტები, ყველაფერი ერთბაშად
უნდა დაეკავებინათ. აჯანყებულთა ერთ ნაწილს ევალებოდა თბილისში ღვთისმშობლის
ხატებით ხელში ხალხის გამოყვანა. კიდევ ცოტაც, და თამარს სიონში შეიძლება დედოფლის
გვირგვინი დაედგა და დარიალიც სამუდამოდ ჩაკეტილიყო.
1832 წლის 9 დეკემბერს
შეთქმულთა აქტიურიმა წევრმა, თბილისის გუბერნატორის ძმა იესე ფალავანდიშვილმა ძმის
კატეგორიული მოთხოვნით შეთქმულება გასცა და ყველაფერი დაიღუპა.
ყველა
პატიმარი გააფთრებით იცავდა და ხელს აფარებდა ამ უგვირგვინო დედოფალს, მაგრამ 1833
წლის 24 თებერვალს თამარი დაიჭირეს და შორეულ სიმბირსკში გადაასახლეს.
1832
წლის შეთქმულება გახდა სტიმულის მიმცემი შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული
მოძრაობისა.
მეორე თვალსაჩინო წევრი შეთქმულთა იყო მამიდა თამარისა
თეკლა ბატონიშვილი, სახელოვანი ქალი მეფე ერეკლესი, პოეტი და
მწიგნობარი, სიბრძნითა და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და
გამჭრიახი, სამაგალითო დედა და უფრო შესანიშნავი დედაკაცი.
თეკლა იყო იდეური
ხელმძღვანელი ამ შეთქმულებისა თამართან ერთად და არც მისი შვილები და არც დიმიტრი
და ელიზბარ ერისთავები უმისოდ არც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არა სდგამდნენ. თეკლა,
როგორც საქართველოს ამბოხებებში მრავალჯერ გამოცდილი და მოწამე რუსთა უსასტიკეს
ეგზეკუციებისა, საქმეში ყველაზე მეტ სიფრთხილეს იჩენდა.
რუსეთის რისხვა ამ
მოხუც დედასაც არ ასცდა და თავის შვილებთან ერთად ისიც კალუგაში გადაასახლეს. 1837
წელს პეტერბურგის ქართველთა საზოგადოების დიდი ხვეწნით ნიკოლოზ I-მა მოხუც თეკლას
საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. აოხრებული, უსახო საქართველოს გამო, დარჩენილი
10 წელი თეკლამ მწარე ვაებაში გაატარა.
ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის
ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა. რიფსიმეს არ შეეძლო ახლო მონაწილეობა არ
მიეღო შეთქმულებაში, სადაც მისი ძმა ოქროპირი მთავარი ხელმძღვანელი იყო შეთქმულთა,
ხოლო მისი შვილი კაპიტანი ზაქარია, შეთქმულების ერთ-ერთ ემისარად და "კავშირად"
ითვლებოდა აჯანყებულებთან.
ბატონიშვილი სალომე, ასული 1804 წლის მთიულეთის
დიდი ამბოხების გმირის, ფარნაოზისა. 1805 წელს ფარნაოზი ოჯახითურთ ვორონეჟში
გადაასახლეს და პატარა სალომემ თამარის მსგავსად ბავშვობიდანვე იგრძნო სუსხი
მაშინდელი რუსეთის "მფარველობისა". შეთქმულების წლებში იგი პეტერბურგში ცხოვრობდა
და იქაურ ქართველ ქალთა შორი ყველაზე აქტიური იყო. მას გვერდში ედგა მისი მამა,
ერეკლეს ძე ფარნაოზი, რუსეთის მთავრობასთან წარმოებულ ბრძოლათა დაუცხრომელი
ბელადი.
ოქროპირ ბატონიშვილის და. ეს ქალი შეთქმულთა პირველ უჯრედის წევრი
ყოფილა ჯერ კიდევ 1827 წელს.
სამეგრელოს დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის
მეუღლე, ერეკლე მეფის შვილის, გიორგი მეფის ასული. 1804 წელს ის სამეგრელოს
დედოფლად იქნა გამოცხადებული. თავიდან იგი ერეკლეს მსგავსად ლოიალურად იყო
განწყობილი რუსეთის მიმართ. 1810 წელს შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით
აფხაზეთი და ფოთი კვლავ სამეგრელოს დაუკავშირა და ძველი სამეგრელოს სამთავროს
საზღვრები თითქმის სულ აღადგინა. მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონის საბოლოო
დამარცხების შემდეგ, რუსეთმა სამეგრელოს სამთავროც გააუქმა. დედოფალმა ნინომ
უარყოფითი განაჩენი გამოუტანა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდს. მან დაინახა, რომ
რუსეთი მტკიცედ და თანდათანობით ატარებდა საქართველოს ყველა კუთხეების შეერთებისა
და პროვინციად გარდაქმნის პოლიტიკას და ყველანაირად ცდილობდა თავისი შეცდომის
გამოსწორებას. რუსთა მიერ განგვირგვინებული, ვორონეჟის მონასტერში ძალად
მოთავსებული დედოფალი 1847 წელს გარდაიცვალა.
ბატონიშვილი ქეთევან, ერეკლეს
ასული, თეკლას და - რომელიც ადრევე ჩაება რუსთა ბატონობის საწინააღმდეგო
ბრძოლებში.
თეკლა ბატონიშვილის რძალი ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი,
ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე. ის იყო არა მარტო ღირსეული მეუღლე და დედა, არამედ
ღრმა პატრიოტი ქალი. მას პატივი დასდეს და მიანდეს ამბოხებისათვის საგანგებო დროშის
დამზადება.
სოლომონ დოდაშვილის მეუღლე. 1833 წელს დოდაშვილი გადაასახლეს და
მისმა ცოლმა ნება ითხოვა, რათა ქმარს შვილებითურთ გაჰყოლოდა
ვიატკაში.
მელანია შანშეს ასული ერისთავი, დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების
და. იგი იყო თბილისის პოლიცმეისტერ ანდრია იაკობის ძე მელნიკოვის მეუღლე. მელანია
თავიდანვე ჩართული იყო შეთქმულებაში და მისი ოჯახი მოქმედ შტაბ-ბინად გადაიქცა.
სწორედ ამ ქალის გავლენით მისი უკრაინელი ქმარიც მალე გაერია ქართულ შეთქმულებაში
და მეთაურთ ხელსაც უწყობდა.
მანანა ორბელიანი, მაშინდელი მოწინავე
საზოგადოების თვალსაჩინო წევრი და ქართველ ქალებში თითქმის ყველაზე წარმტაცი და
საინტერესო პიროვნება. იგი თბილისის შეთქმულთა წევრი ყოფილა. ეს ქალი მაშინდელ და
შემდეგ ათეულ წლების შავბნელით მოცულ საქართველოს სინამდვილეში, მართლაც შუქურ
ვარსკვლავად მოსჩანს და ტყუილად კი არ აუმღერებია მაშინდელი პოეტები. მანანა
მაშინდელ ქართველ ქალებში არა მარტო საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკუით,
სიმახვილით და იშვიათი გემოვნებით. იონა მეუნარგიამ მას სამართლიანად უწოდა
საქართველოს მადამ რეკამიე. იმ საშინელი რეაქციის შემდეგ, რაც მოჰყვა 1832 წლის
შეთქმულებას, მანანა ორბელიანი იყო დამარცხებულთა და დევნილთა
ნუგეში.
საკმაოდ ვრცლად ამ შეთქმულებებისა და მათი მონაწილეების შესახებ
შეგიძლიათ გაეცანოთ ქალბატონ თამარ გოგოლაშვილი-პაპავას ისტორიულ ნარკვევებში:
"დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში".
|