|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 101-110 |
გვერდები: « 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
საქართველოს მეფე 1245-1258 წწ. დასავლეთ საქართველოს მეფე 1258-1293წწ. ძე რუსუდან მეფისა. 1230 წელს ხუთი წლის დავითი რუსუდანმა თანამოსაყდრედ (თანამეფედ) გამოაცხადა. ამით მას სურდა დაეპირისპირებინა იგი ძმისწულისთვის, დავით ლაშას ძისთვის. მალე რუსუდანმა დავით ლაშას ძე რუმში გაგზავნა და სიძეს, ქაიხოსრო ყიას ად-დინს, დილეგში ჩააგდებინა. მონღოლებთან მიაღწია შეთანხმებას, მისი ძე მეფედ ეცნოთ. და შვილი მონღოლეთს, ყაენთან გაგზავნა, მეფედ დასამტკიცებლად. დავითი მონღოლეთიდან რამდენიმე წელს აღარ გამოუშვეს, როცა ჩამოვიდა, დედამისს ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო. ამასობაში მონღოლთა სატახტოში (ყარაყორუმში) დავით ლაშას ძეც ჩავიდა საქართველოს ტახტის საძიებლად. 1249 წელს მანგუ ყაენმა ორივე დავითი დაამტკიცა საქართველოს მეფეებად – დავით ლაშას ძე, “ულუ” (უფროსი) და დავით რუსუდანის ძე, “ნარინ” (უმცროსი) ანუ, დავით VI ნარინი და დავით VII ულუ. 1249-58 წლებში ორი დავითი ერთად მართავდა საქართველოს. 1258 წელს დავით ნარინი ჰულაგუ ყაენს გადაუდგა და დასავლეთ საქართველოში (ქუთათისში) გამაგრდა. ამიერიდან საქართველოში ორმეფობა დაიწყო. 1261 წელს დავით ნარინმა პატივით მიიღო ყაენისგან განდგომილი დავით ულუ. მერე მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა. დავით ულუს “დასი” ნარინს ტახტიდან ჩამოგდებას უპირებდა. მაგრამ ისევ შეთანხმდნენ და საქართველო კვლავაც ორად “გაიყვეს”. დავით ნარინი მფარველობდა და უკავშირდებოდა ყველას, ვისაც საომარი მდგომარეობა ჰქონდა მონღოლთა ყაენთან. მან ასეთი მეგობრული და მეომრული კავშირი შეკრა ეგვიპტის სულტან ბიბარსთან. დავითმა ქუთათისის სასახლეში დიდის პატივით მიიღო და თანადგომა აღუთქვა აბაღა ყაენისგან დამარცხებულ და დევნილ თეგუდარს. აბაღა დიდძალი ძღვენისა და პატივის აღთქმით ეხვეწებოდა დავითს, უარი ეთქვა თეგუდარის თანადგომა-შემწეობაზე. როცა თეგუდარელებმა დასავლეთ საქართველოშიც თვითნებობა დაიწყეს, დავით ნარინმა აბაღა ყაენის თხოვნა აღასრულა და თეგუდარი დასავლეთ საქართველოდან გამოდევნა. აბაღამ თეგუდარი გაანადგურა და დავითს დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა. მალე დავითმა შეიფარა აბაღა ყაენის ახალი მოქიშპე – ღალღური. ამ დროს დავითს განუდგა რაჭის ერისთავი – კახაბერ კახაბერისძე, რომელმაც ღალღური გადაიბირა, ყაენს შეარიგა და ორჯერ მონღოლთა ლაშქარიც შემოუსია ქუთათისს (1275, 1278 წწ.). მერე კახაბერისძემ პატიება ითხოვა; დავითმაც აპატია. თუმცა მალე ისევ გამჟღავნდა კახაბერისძის ღალატი. მაშინ დავით მეფემ მას თვალები დათხარა, ცალი ხელი და ცალი ფეხიც მოკვეთა და მისი ორივე ვაჟი კონსტანტინოპოლს გააძევა. დავითის დროს პონტო-ტრაპეზუნტის მხარე (თამარისაგან დაარსებული “ტრაპიზონის იმპერია”) ბიზანტიამ დაიპყრო. დავით ნარინი ამას არ შეურიგდა, პონტო-ტრაპიზონის ქვეყანას ჯარი შეუსია. ბიზანტიელები განდევნა და ეს ძველი ქართული ქვეყანა ისევ საქართველოს დაუქვემდებარა (1282წ.). დავითი სიკვდილამდე დარჩა აზიელ ხელმწიფეთაგან ერთადერთი, რომელიც მონღოლებს არ ემორჩილებოდა და თავის სამფოს დამოუკიდებლად განაგებდა. იგი გარდაიცვალა 1293 წელს, 68 წლის ასაკში. იყო ტანად საშუალო, ხმელი, ძვალთხელი, პირად ფერმკრთალი; ტკბილმოსაუბრე, მტკიცენებოვანი. იგი ორჯერ იყო ნაქორწინევი. პირველი ცოლი იყო თამარ ამანელისძის ასული, რომლისგანაც შეეძინა სამი ვაჟი – ვახტანგი, კონსტანტინე და მიქაელ. მეორე ცოლი იყო თეოდორა, ბიზანტიის იმპერატორის, მიხეილ VIII პალეოლოგოსის ასული, რომლისგანაც დარჩა კიდევ ერთი ძე –ალექსანდრე. დავით ნარინ რუსუდანის ძე დაკრძალულია გელათს. |
მეფე გიორგი IV ლაშას ძე, საქართველოს მეფე, 1247-1270 წლებში მცირეწლოვანი იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ლაშამ სიკვდილის წინ მისი აღზრდა დას უანდერძა. ანდერძით, რუსუდანს ძმისწულისთვის სამეფო ტახტი უნდა გადაეცა, როცა იგი წამოიზრდებოდა. მაგრამ ამის ნაცვლად, რუსუდანმა მეფემ თავისი ძე დავითი გამოაცხადა, დავით ლაშას ძე კი თავის სიძეს, რმუის სულტან ყიას ად-დინ ქაიხოსრო II-ს გაუგზავნა, დილეგში ჩააგდებინა, სადაც მან შვიდი წელი გაატარა და სიკვდილს ძლივს გადარჩა. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში |
საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში. დემეტრე II-ს ძე. XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლის განსაკუთრებული გამწვავებით აღინიშნა. დროის მცირე მონაკვეთში აღმოსავლეთ საქართველოში დავით VIII-ს გარდა რამდენიმე სრული ძალაუფლების მქონე მეფე მოღვაწეობს: ვახტანგ III (1298-1308). გიორგი V (1299-1300), გიორგი VI (1308-1314), დასავლეთ საქართველოში – კონსტანტინე და მიქაელი. ამრიგად, იურიდიულად, ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს სამეფოში 1298-1314 წლებში ერთდროულად რამდენიმე მეფის “ხელმწიფობაა” დადასტურებული. საქართველოს ასეთი რთული საშინაო ვითარება გამოწვეულია მისი საგარეო მდგომარეობით. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში |
ქართლის მეფე 1505-1525 წლებში. უფროსი ძე კონსტანტინე II-ისა. იყო ბუნებით “ლმობიერი, ბრძოლა-შლილობათა და შფოთთა მოძულე და მოყვარე მშვიდობისა”. დავითმა სამხედრო რეფორმა გაატარა: ქართლი ოთხ “სადროშოდ” დაჰყო: მეწინავე სადროშო – ქვემო ქართლი (სარდალი ამილახორი); მემარცხენე სადროშო – სამუხრანბატონო, ქსან-არაგვის საერისთავოებით (სარდალი მუხრანბატონი); მეფის სადროშო – მტკვრის მარჯვენა მხარე, ტფილისიდან ტაშისკარამდე, სარდლობდა მეფისაგან დანიშნული თავადი, უფრო ხშირად ციციშვილი. 1510 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე II ქართლში გადმოიჭრა და გორი დაიჭირა. დავითმა მხოლოდ ამის თქმა იკმარა: “რამეთუ მიეგების მეშფოთეთა შფოთი”. მაშინ იმერეთს ოსმალები შემოესივნენ და ალექსანდრე იძულებული გახდა გორი დაეცალა და სასწრაფოდ იმერეთს გაბრუნებულიყო. 1511 წელს კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი) შემოიჭრა ქართლში და ატენში მყოფი დავით მეფე ალყაში მოაქცია, მაგრამ ქართლელთა ჯარმა მოუსწრო და ავგიორგიმ უკანვე, კახეთში გაქცევა ამჯობინა. კახეთიდან ახალი შემოსევის საფრთხე მაინც რჩებოდა. ამით ისარგებლა დავით მეფის ძმამ ბაგრატმა და ჩააცივდა მეფეს: “მომეც მე საუფლისწულოდ და დროშად მუხრანი, მასთან არაგვისა და ქსნის ხეობანი და მე აღვკვეთავ ავგიორგის თავგასულობას”. დავით მეფე დათანხმდა; ასე დაიწყო არსებობა მუხრან-ბატონთა სადროშო-საგვარეულომ. ბაგრატ პირველმა, ამჯერად უკვე მუხრან-ბატონმა, ქსნის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე აღმართა დიდი ციხე – “მტუერის ციხე”. მართლაც წამოვიდა ავგიორგი კახთა ჯარით. ქსნის იმ ახალ ციხეს მიადგა; ვერ აიღო. უკან გაბრუნებისას ბაგრატ მუხრან-ბატონმა, უეცარი დარტყმით, შეიპყრო იგი და იმავე მტუერის ციხეში ჩააგდო, სადაც გარდაიცვალა კიდეც (1513 წ.). უმეფოდ დარჩენილი კახეთი დავითმა შემოიერთა. 1518 წელს ირანის ხელმწიფემ შაჰ ისმაილმა, დიდძალი მხედრობა გამოგზავნა ქართლში დივ-სულთან რუმლუსა და სამცხის ათაბაგის ყვარყვარე III-ის სარდლობით. შემოჭრისთანავე მტერმა სურამი და გორი აიღო. დავითმა ირანელთა მთავარსარდალს თავისი ძე, რამაზ ბატონიშვილი აახლა დიდძალი ძღვენით. დივ-სულთან რუმლუმ ძღვენი მიიღო, რამაზ ბატონიშვილი მძევლად წაიყვანა და საქართველოდან წავიდა ქართლის გაჭირვებით კახელებმა დრო იხელთეს და აქამდე გადამალული ლევან უფლისწული კახეთის ტახტზე გაამეფეს. შაჰ ისმაილმა კი რამაზ ბატონიშვილი გამოუშვა და ქართლისგან ხარკი იკმარა – წელიწადში სამასი საპალნე აბრეშუმი. შაჰმა მალე “დამატებით” ქართლის მეფეს ირანში გამოცხადება და ქრისტიანობის განტევება მოსთხოვა. დავითმა “გათათრებაზე” ცივი უარი შეუთვალა. მაშინ, 1522 წელს, თვითონ შაჰ ისმაილი წამოემართა საქართველოსკენ დიდძალი მხედრობით. თელეთთან დიდი ბრძოლა გაიმართა. თავი გამოიჩინა ლუარსაბ ბატონიშვილმა (მომავალი მეფე ლუარსაბ I), რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან შეტევით დაამარცხა და გააქცია ყარაფილის სარდლობით მოიერიშე ირანელთა მხედრობა. მაინც იმძლავრა შაჰ ისმაილმა. ტფილისს მიადგა და ქალაქის თავის ღალატის წყალობით აიღო კიდეც. შაჰ ისმაილი 1524 წელს მოკვდა. დავით მეფემ ტფილისი დაიბრუნა, იქ მდგარი ირანული ციხიონი ამოწყვიტა, აღჯაყალას მდგარი ირანელებიც მიაყოლა და ქართლი მტრისაგან გაწმინდა. იმავე წელს დავითი მეფობიდან გადადგა და, დამიანე ბერის სახელით, ღვთისმსახურებას შეუდგა. (მალე კიდეც გარდაიცვალა 1526 წ.). დაკრძალეს მცხეთას. დარჩა ქვრივი დედოფალი თამარი სამი ძით – ლუარსაბი, დემეტრე, რამაზი. დავითმა გადადგომისას მეფობა ძმას, გიორგის დაუტოვა. |
ქართლის მეფე 1569-1578 წლებში, ლუარსაბ I-ის ძე. ქართველი ერის მოღალატე. დავითი განუდგა თავის ძმას, ქართლის მეფე სვიმონ I-ს და 1562 წელს მისებრ მოღალატე თავადებთან ერთად შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინში. აქ იგი გამაჰმადიანდა და დაუდ-ხანის სახელი მიიღო. შაჰმა გადაწყვიტა, დავითი თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის გამოყენებინა და სვიმონ I-სთვის დაეპირისპირებინა. ამიტომ დაუდ-ხანს მან “შვილის” წოდება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა და საქართველოში გამოისტუმრა. ასე დამყარდა ქართლში “ორიანობა” ანუ ორმეფობა (ქართლის დანარჩენი ნაწილი სვიმონ I-ს ემორჩილებოდა). 1567 და 1568 წლებში დიღომთან და სამადლოსთან სვიმონ I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაუდ ხანი დამარცხდა, მაგრამ თბილისი მაინც შეინარჩუნა. 1569 წ. ფარცხისის ბრძოლაში ყორღანაშვილის ღალატის წყალობით სვიმონ I-ის დატყვევების შემდეგ დაუთ-ხანი ქართლის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მეფისა და ერის მოღალატე დაუდ-ხანს მხარი არ დაუჭირა. მისი ხელისუფლება ფაქტიურად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. იგი წელიწადში 20 000 დუკატს უხდიდა ხარკად ირანს. 1578 წელს, როცა ოსმალთა დიდი ჯარი საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. იმავე წელს ირანის შაჰმა სვიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. დაუდ-ხანმა ქართლის ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა. სადაც დიდი პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. სტამბოლში პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოცილებულმა დავით XI-მ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეს მოჰკიდა ხელი. მან აქ ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი შეადგინა და საქართვეოში გამოგზავნა. მალევე გარდაიცვალა (1588წ.) დარჩა ორი ძე - ბაგრატი (ბაგრატ ხანი) და ქაიხოსრო (როსტომ ხანი) ორივეს თავ-თავის დროზე ქართლის მეფობა ეღისრათ. |
ქართლ-კახეის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის უფროსი ვაჟი. უკვე 1789-1790 წლებში მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობებში. იბრძოდა კრწანისთან (1795). მამამისს - გიორგი XII-ს მუდმივი შიში ჰქონდა, რომ მას თუ არა, მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ, ამის გამო დათანხმდა მეფის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ტრაქტატით (რუსეთს მიეცა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება), ოღონდ მეფობა დარჩენოდა მის შთამომავლობას, იმპერატორმა პავლე I-მა მეფე გიორგი XII-ის თხოვნით, დავითი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. რუსეთს სურდა, რომ გიორგის თავად გაეუქმებინა სამეფო და ამ მიზნით დელეგაციაც კი გამოგზავნა. მაგრამ გიორგი XII მათ ჩამოსვლამდე, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. დავითმა თავი ქართლ-კახეთის გამგებლად გამოაცხადა და 1801 წლის თებერვალ-მაისში სამეფოს მართავდა, იგი მეფედ დამტკიცებას ელოდა, მაგრამ რუსეთის მთავრობას თავისი მოხელეებისადმი საიდუმლო ბრძანება ჰქონდა გაცემული, არ დაეშვათ დავითის გამეფება, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ (1801 წლის 12 სექტემბერი) დავითი, ოჯახის წევრებთან ერთად, რუსეთში გადაასახლეს. 1819 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა. |
დაჩი უჯარმელი. ქართლის (იბერიის) მეფე 494-506 წლებში. ვახტანგ გორგასლის ძე, პირველი ცოლის - ირანელი ბალენდუხტისგან. დაასრულა ქალაქ ტფილისის მშენებლობა და დედაქალაქი მამის ანდრეძისდა მიხედვით მცხეთიდან ტფილისში გადაიტანა. მის დროსაა აშენებული ანჩისხატის ეკლესია. |
იმერეთის ერისთავი დაახლ. 1414-1455 წლებში (?). ერისთავ კონსტანტინე II-ის ძე. |
საქართველოს მეფე 1125-1155 წლებში, ძე დავით IV აღმაშენებლისა. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში. იბრძოდა დიდგორის ომში და მონაწილეობდა შარვანისათვის ბრძოლაში. 1125-1128 წლებში მიუხედავად თურქ-სელჩუკთა ენერგიული წინააღმდეგობისა, დემეტრე I-მა შეძლო მათ მიერ დავით აღმაშენებლის სიკვდილისთანავე მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება. 1130 წელს მეფის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ, თუ ვინ ეცილებოდა დემეტრეს სამეფო ტახტს. შესაძლოა ეს იყო მისი ნახევარძმა ვახტანგი (ცუატა). ქვეყნის შიგნით გართულებული ვითარებისა და მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის გამო, დემეტრე I იძულებული გახდა, ანისი, ყმადნაფიცობის და ქალაქში ქრისტიანთა პრივილეგიების დაცვის პირობით, მაჰმადიანი მმართველებისათვის (შედადიანთა მემკვიდრეებისათვის) დაეთმო. 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველთა ლაშქარმა აიღო განძა და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანე (დღემდე დაცულია გელათის მონასტერში). იმავე წელს მეფემ სიკვდილით დაასჯევინა თავისი ნახევარძმა - ტახტის მოცილე ვახტანგი (ცუატა). ამის შემდეგ ქვეყანაში დროებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. დაახლოებით 1150 წელს დემეტრეს წინააღმდეგ რომელიც იყო “მარჩეველი ძისა უმცროსისა” შეთქმულება მოაწყო უფროსმა ძემ დავითმა, მეფემ ადვილად დაამარცხა შეთქმულნი, თუმცა არავინ დაუსჯია. 1155 წელს დავით უფლისწულმა მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება და დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო დავით გარეჯას. დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავით V-მ ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდენგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის, გიორგის გარშემო. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. (1156 წ.). დემეტრე კვლავ გამეფდა და უმცროსი ძე გიორგი დაისვა თანამოსაყდრედ. თუმცა იმავე წელს გარდაიცვალა და გიორგი III ერთპიროვნული მბრძანებელი შეიქმნა.საყურადღებოა დემეტრე I-ის სამწერლო შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. დემეტრე I-ის “შენ ხარ ვენახი” დღესაც ცოცხალი საგალობელია. |
აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. დავით VII ულუს ძე (გვანცა კახაბერისძის ასულისაგან), მამის გარდაცვალების დროს იყო 11 წლისა. დედ-მამით ობოლს ზრდიდა ტარსაიჭ ორბელი. 1271 წელს ყმაწვილი დემეტრე საქართველოს მეფედ დაამტკიცა მონღოლმა ყაენმა აბაღამ. 1277 წელს, იგივე მონღოლი ყაენის მიწვევით, დემეტრემ 300 ქართველი მეომრით მონაწილეობა მიიღო და დიდად თავიც ისახელა ეგვიპტის სულთანის, ბეიბარსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულტანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. ქალაქ დარბუზაკთან (სირიაში) გამართულ ბრძოლაში თავი ისახელა ბექა ჯაყელმა და მისმა მესხებმა. ხოლო, შემდგომ, ქალაქ ამასიასთან, 1281 წლის 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაში, კვლავ საარაკო გმირობა გადაიხადა დემეტრე მეფემ 200 თანამებრძოლი ქართველით. 1282 წელს მოკვდა აბაღა ყაენი და მონღოლ-ილხანური (ირანის) ტახტისათვის ერთმანეთს დაეძგერნენ აბაღას უფროსი ძე არღუნი და აბაღას ძმა აჰმადი. ბიძა-ძმისწულის ბრძოლა იმჯერად ბიძის გამარჯვებით გათავდა. ქართველი მეფეც ახალ ყაენს ურდოში ეახლა და ეთაყვანა; აჰმადმაც დემეტრე დიდი პატივით მიიღო და მაშინვე ყაენის კარმა კიდევაც დაიმოყვრა ქართველი მეფე: აჰმადის უერთგულესი და უახლოესი კაცის, “დიდი ნოინი” ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი. 1284 წელს დემეტრეს მძახალის, თვითონ ბუღა ნოინის მეთაურობით, აჰმად ყაენი შეთქმულებმა მოჰკლეს და ყაენის ტახტზე არღუნ აბაღას ძე აიყვანეს. ახალმა ყაენმაც დემეტრე დიდის “სიყვარულით” მიიღო და თავის მხრივაც აღიარა იგი საქართველოს მეფედ, მით უფრო, რომ ახლად აღზევებული ყაენი მთლიანად ბუღა ნოინის, ანუ დემეტრეს მძაღხლის “ხელთა შინა იყო”. 1288 წელს დარუბანდელებია უჯანყდნენ არღუნ ყაენს. დარუბანდელებს ჩრდილოეთიდან ძლიერი ნოინი, ნოყაი უჭერდა მხარს. არღუნ ყაენმა დემეტრე მეფე აწვია და დარუბანდს სალაშქროდ წავიდა დემეტრეც, აიღო ანიყი – დარუბანდის მთავარი ციხე-სიმაგრე და მიართვა არღუნს მისი გასაღებნი. იმავე 1288 წელს გამჟღავნდა არღუნ ყაენის დასამხობად გათვლილი შეთქმულება, რომლის სათავეში ამჯერადაც ბუღა ნოინი აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით თავი გააგდებინეს არა მარტო ბუღას, არამედ ყველა მის ახლობელს, ნათესავს, მისგან დაწინაურებულ ყველა მოხელეს, მათგან ისეთებსაც, შეთქმულებაზე ბაიბურიც რომ არა სმენოდა. დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში. სიკვდილი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო შეთქმულების მოთავის ეგზომ ახლობელი ადამიანისთვის. ამიტომ საგანგებო სათათბიროდ შეყრილმა დარბაზმა ერთხმად თხოვა და მოითხოვა, არ წასულიყო მეფე ურდოში, არამედ გახიზნულიყო მთიულეთს, ან ქუთათისს, მეფე კი ბრძანებდა: – მე რომ არ წავიდე, ქვეყანა უნდა დამიქციონ მონღოლებმა, ხალხი ამომიწყვიტონ, ამიტომ – “აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა: უკეთუ მე მომკლან, დაე, ქვეყანა ჩვენი უვნებლად დარჩეს!” – და მეფე ურყევი ნებით გაეშურა სამხრეთისაკენ. 1289 წლის 12 მარტს, დილით მოვაკანში, არღუნ ყაენის ბრძანებით, ქართველ მეფეს თავი გააგდებინეს. მეფის ცხედარი, მისი პირადი მღვდლის, მოსეს და აბრაჰამ კათალისკოსის მზრუნველობით, მცხეთას ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ნაქორწინევი იყო სამჯერ. 13 წლისამ ცოლად შეირთო ტრაპიზონის კეისრის ასული, რომლისგანაც შეეძინა ხუთი შვილი. მეორე ცოლად შეირთო მონღოლი ქალი სახელად სოლღარ, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავდა. მესამე ცოლად კი მოიტვანა ნათელა, ბექა ჯაყელის ასული, რომლისგანაც დემეტრეს სიკვდილის წელს (1289წ.) იშვა უფლისწული გიორგი (მომავალი გიორგი V ბრწყინვალე). ხალხმა მისთვის თავადადებულ გმირს დაარქვა “თავდადებული”. ერისთვის წამებული მეფე ქართულმა ეკლესიამ წმიდანთა პანთეონში შერაცხა. მისი მოსახსენებელი დღეა 25 მარტი (ახ.სტ.). |
|
|
$smenu_1$
|
|