|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 81-90 |
გვერდები: « 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
საქართველოს მეფე 1209-1222 წლებში. თამარ მეფისა და დავით სოსლანის უფროსი ვაჟი. დაიბადა 1193 წელს, საარაკო სილამაზისთვის უწოდეს ''ლაშა'' (''ქუეყნისა მანათობელი''). 1207 წელს დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ ლაშა-გიორგი თამარ მეფემ თანამოსაყდრედ დაისვა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ 16 წლის ლაშა ერთიანი საქართველოს ხელმწიფე გახდა. მის დროს საქართველო კვლავაც წარმოადგენდა ერთაინ კავკასიურ იმპერიას გადაჭიმულს ''ნიკოფსიიდან დარუბანდამდე''. გამეფებისთანავე ლაშა-გიორგის გადაუდგა განძის ათაბაგი, მეფემ მაშინვე გაილაშქრა მის წინააღმდეგ დაამარცხა და კვლავ დაიმორჩილა იგი. 1211-1215 წლებში ლაშა-გიორგიმ ხელახლა დალაშქრა და დაიმორჩილა საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყნები: ორტონი, ნახჭევანი, ხლათი და ერზურუმი. 1212 წელს მისი დავალებით შალვა ახალციხელმა დაიპყრო კერჩოლი. გიორგი-ლაშა დიდი სახელით სარგებლობდა დასავლეთ ევროპაში - მას უწოდებდნენ ''ქრისტიანობის ბურჯს'' და ''ახალ ალექსანდრე მაკედონელს''. 1219 წელს რომის პაპმა ჰონორიუს III-მ საქართველოს მეფე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიიწვია, ლაშა გამალებით ემზადებოდა ამ ლაშქრობისთვის მაგრამ 1220 წელს საქართველოში მოულოდნელად შემოიჭრა მონღოლთა ლაშქარი ჯებე ნოინისა და სუბუდაი ბაჰადურის სარდლობით (ეს იყო მონღოლთა პირველი გამოჩენა კავკასიაში). ბრძოლაში რომელიც უშედეგოდ დამთავრდა (ორივა მხარე თავის თავს თვლიდა გამარჯვებულად) ლაშა-გიორგი მძიმედ დაიჭრა. 1221 წელს კიდევ მოხდა ორი შეტაკება ქართველებსა და მონღოლებს შორის, საბოლოო ჯამში მონღოლები ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ. ლაშა-გიორგი კვლავ ''ჯვაროსნული ლაშქრობის'' სამზადისს დაუბრუნდა, მარამ არ დასცალდა - 1222 წლის 18 იანვარს, ადრე, მონღოლებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გაეხსნა და გარდაიცვალა. ლაშა-გიორგი თაფისუფალი აზროვნებისა და ყოფაქცევის კაცი იყო, უყვარდა ბოჰემური ცხოვრება. მოეწონა ველისციხელი გლეხის ქალი, შეუყვარდა, ქმარს წაართვა და სასახლეში წაიყვანა. მისგან შეეძინა ძე დავითი (დავითVII ულუ). ბოლოს ის ქალი კათალიკოს-პატრიარქმა ეპიფანემ და სამეფო კართან დაახლოებულმა თავადებმა ძალით წაართვეს და ქმარს მიუბრუნეს. ლაშას სხვა ცოლი აღარ შეურთავს. ქვეყნის შიგნით მეფე ცდილობდა დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის მკაცრი კურსის გატარებას გაპარპაშებულ ფეოდალთა მიმართ და ამ მხრივ საკმაო წინააღმდეგობას აწყდებოდა ხოლმე (განსაკუთრებით მხარგრძელთა მხრიდან). გამეფდა 16 წლის, იმეფა 13 წელი, გარდაიცვალა 29 წლის. დაკრძალულია გელათში. |
საქართველოს უდიდესი ხელმწიფე 1314-1346 წლებში. დემეტრე II თავდადებულის უმცროსი ძე (ბექა ჯაყელის ასეულის, ნათელასაგან), პირველად, 1299-1300 წლებში, როცა იგი 10-11 წლისა თუ იქნებოდა, მონღოლებმა დასვეს თბილისის ტახტზე, მისი უფროსი ნახევარძმის, დავით VIII-ის საწინააღმდეგოდ. მაგრამ მალე ყრმა გიორგი მონღოლებმა ვახტანგ II-ით შეცვალეს. 1311 წელს გიორგი თავისი ძმიშვილის - მცირეწლოვანი გიორგი VI ”მცირეს” რეგენტი გახდა, მალე გიორგი ”მცირე” გარდაიცვალა და ტახტზე გიორგი ბრწყივლავე ავიდა (1314 წელს). მისი მეფობა ფეხბედნიერი აღმოჩნდა საქართველოსთვის. მემკვიდრეობად მან მიიღო დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა “დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთსა ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა და მრავალფერნი ულუსობანი”. არსად “სამართალი არად იყო-ღა”. 1315 წელს ოლჯაიტუ ყაენმა გიორგიV ქართული ჯარით მცირე აზიაში მომხდარი აჯანყების ჩასაქრობად გაიწვია. ქართველებიც წავიდნენ და ერთხელ კიდევ “განაკირვნეს” ქვეყანა თავის ვაჟკაცობით. ეს უკანასკნელი მონაწილეობა იყო ქართველებისა მონღოლთა დაუსრულებელ ლაშქრობათა სერიებში. გიორგიმ მონღოლთა დასუსტებული საყაენოს ხელისუფლების გარკვეულ წრეებში მხადრაჭერა მოიპოვა და მონღოლთა შემოსევისგან დაზღვეული საკუთარი ქვეყნის აღდგენას შეუდგა. გორიდან გარეკა და კავკასიონს გადაღმა გადარეკა მარბიელად შემოსეული ოსები (1320წ.). შეარიგა მტრად გადაკიდებული ქსნისა და არაგვის ხეობათა ქართველობა. სათათბიროდ შეჰყარა დარბაზი და მიაღებინა მისგანვე შედგენილი ახალი მკაცრი კანონმდებლობა – “ძეგლის დადება”. რაიც სასტიკი შეურყევლობით და დაუთმობლობით აღადგენდა და განამტკიცებდა ტრადიციულ ქართულ სამართალს, სჯულსა და ზნეობას. ამას მოაყოლა “ხელმწიფის კარის გარიგება” – ქართული სამეფო-სამართლებრივი “კონსტიტუცია”. მეფემ აღადგინა ტრადიციული სამეურნეო დარგები. გაატარა ფინანსური რეფორმა. მონღოლური ფულადი ერთეული,” ყაზანური თეთრი”, შეცვალა ახალი, საკუთარი ვერცხლის მონეტით – “გიორგაული თეთრი”. გიორგი აშენებდა და აღადგენდა ასი წლის მანძილზე ნანგრევ-ნაოხარ ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს, გზებს, არხებს და დუქნებს. განაახლა დაქცეული ტაძრები – დადაბნისა, ფიტარეთისა, წუღრუღაშენისა, კაზრეთისა, დმანისისა. 1329 წელს გიორგიმ ისარგებლა ქუთათისის სასახლის კარზე ატეხილი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა და დასავლეთ საქართველო – იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი – ყოველივე ნიკოფსიამდე, კვლავ ტფილისის ტახტს დაუმორჩილა. მას უკან, მესხეთიც შემოიმტკიცა (1334წ.). ბოლოს 1335 წელს მეფე გიორგი V-მ საქართველოს კისრიდან გადააგდო ასწლოვანი მონღოლ-თათრული უღელი. ამ საოცნებო გამარჯვების აღსანიშნავად მეფემ ცივის მთაზე, საზაფხულო სასახლეში, ნადიმი გამართა და იქვე მიწვეულ სტუმართაგან, – ვისაც მონღოლთა წინააღმდეგ სამამულო ომში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, პირველ რიგში მხარგრძელებს – მეფის ბრძანებით თავები დააყრევინეს. მალე საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა – ოსმალ-თურქები, ორხანის მეთაურობით. შეეგება გიორგი, კლარჯეთი სსაზღვართან შეება, კვლავაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა და გააქცია მტერი. 1340-1341 წლებში გიორგიმ ჯარები შეიყვანა პონტოში და იქ, ტრაპიზონის სასახლეში, ძველი, თამარის დროინდელი ქართული ხელისუფლება ააღორძინა. მაშ, კვლავ აღდგენილ იქნა ერთიანობა საქართველოსი, ნიკოფსიიდან დარუბანდამდის (ჩრდილოეთით) და სინოპიდან არდაველამდის (სამხრეთით), ანუ – კავკასიური “იმპერია” დავითისა და თამარის “ოქროს საუკუნისა”. კვლავაც გაითქვა სახელი მთელს მსოფლიოში საქართველომ და მისმა ხელმწიფემ, გიორგი V ბრწყინვალემ. რომის პაპმა ევროპელთა საქრისტიანო კათედრა სმირნადან ტფილისში გადმოიტანა. იერუსალიმში მხოლოდ ქართველებს ეძლეოდათ უფლება, ცხენზე ამხედრებულებს და ეროვნული დროშების ფრიალით ევლოთ მის ქუჩებში. ასე იღვაწა გიორგი V ბრწყინვალემ, “ვითარცა აღმაშენებელმან”. ქართველმა ხალხმა უწოდა “ბრწყინვალე”, “რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქნო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა... სძლო ყოველთა სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეციერებითა თვისითა დაამშვენდა და მეფობდა მეფობითა კეთილითა...” 1346 წელს საქართველოს მოუკვდა გიორგი ბრწყინვალე. გამეფდა 24 წლისა, იმეფა 32 წელიწადი, აღესრულა 56 წლისა. დაიკრძალა გელათს |
იმერეთის მეფე 1703-1704, 1707-1711, 1712-1713, 1714-1716, 1719-1720 წლებში. ალექსანდრე IV-ის ძე. მიუხედავად ქართლის მეფის, ვახტანგ VI-ის მხარდაჭერისა, გიორგი VI-ის მდგომარეობა ერთობ მძიმე იყო. თურქეთი კვლავ ენერგიულად ცდილობდა თავისი გავლენის განმტკიცებას მთელ დასავლეთ საქართველოში, თან სამეფო ტახტის ხან ერთ, ხან, მეორე მაძიებელს ემხრობოდა, ბრძოლა კი ამ ტახტისათვის პრაქიიკულად არ ცხრებოდა. გიორგის გამეფებისას ქვეყანას სინამდვილეში მალაქია-აბაშიძე განაგებდა, მეფე კი ქუთაისის ციხეში იყო გამოკეტილი. 1707 წ. აბაშიძის აღზევებით უკმაყოფილო თავაებმა გიორგი ციხიდან გამოიყვანეს და სამეფო ტახტი ჩააბარეს, მეფემ აბაშიძეს სამეფოს დატოვება მოსთხოვა. პასუხად თავად ლევან ლიპარტიანს დაუკავშირდა, რომელიც 1707 წ. რაჭის ერისთავთან ერთად ფარცხანაყანებში იდგა და აბაშიძეს ელოდა, მეფემ მათი გეგმა შეიტყო, მთელი ღამე იარა, მტერს მოულოდნელად დაესხა თავს და სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ კაცხის ციხეს მიადგა, რომელიც აბაშიძი ძემ, პაატამ უომრად ჩააბარა; სვერის ციხე კი ვეღარ აიღო და უკან გაბრუნდა. ამის შემდეგ მეფე რაჭაში გადავიდა, მრავალი ადგილი დაარბია, მაგრამ ვერ დაიმორჩილა. იმერეთში დაბრუნდა და აბაშიძეების ციხეს - ნავარძეთს მიადგა. მოალყე მეფემ კაციამ და ბეჟანმა მამის - ლიპარტიანის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. გიორგიმ ნავარძეთს ქველი წერეთელი დატოვა, თვითონ კი ოდიშისაკენ გაეშურა. ლიპარტიანი აფხაზეთში გაიქცა, მისმა მდევრებმა კი შარვაშიძესთან ზავი დადეს. ცოტა ხანში ლიპარტიანმა დადიანობა დაიბრუნა, მეფემ შემოარიგა და მასთან ერთად რაჭადალაშქრა (1711 წლის აგვისტო), მაგრამ ლაშქრობა ბოლომდე ვერ მიიყვანა ლიპარტიანის ღალატის გამო, რომელიც მამია გურიელს, შოშიტა რაჭის ერისთავსა და ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. შეთქმულებმა გიორგი VI გააძევეს და მამია III გურიელი გაამეფეს (1711 წლის ოქტომბერი). გიორგი VI ქართლში, ვახტანგ VI-სთან გადავიდა, რომელმაც იგი აბაშიძესთან დააზავა. 1712 წლის ივნისში მეფემ მამია გურიელი ჩხართან დაამარცხა და კვლავ გამეფდა. მამია რაჭაში გადავიდა. ზურაბ აბაშიძის დაბეზღებით მეფემ გიორგი ნიჟარაძეს თვალები დასთხარა, ცოლი გაშუვა და მისი ცოლი შეირთო. მალე გურიელი, დადიანი, რაჭის ერისთავი და სხვა დიდებულები მეფის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1713 წ. ოკრიბასთან ბრძოლაში სძლიეს მას. გიორგი ისევ ქართლში გაიქცა. 1714 წელს, მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი კვლავ გამეფდა, მაგრამ 1717 წ. იმერეთში ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ სიმონეთთნ ბრძოლაში მეფე დაამარცხა და გიორგი IV გურიელი გაამეფა, გიორგი V კი სტამბოლში წავიდა, საიდანაც 1719 წელს დაბრუნდა. ისაყ ფაშამ სულთნის ბრძანებით გიორგი მეფეს უარი მისცა, რომლის დახმარებითაც მან ოკრიბასთან მდგომი გიორგი IV გურიელისა და მისი მომხრეების რაზმი სასტიკად დაამარცხა. ამით, ფაქტობრივად, დასრულდა გურიელთა 50-წლიანი მძლავრობა იმერეთის ტახტზე. დადიანი და ზურაბ აბაშიძე ოდიშს გაიქცნენ. შოშიტამ კი რაჭას შეაფარა თავი. ოსმალებმა უამრავი მებრძოლი დახოცეს, მრავალი ციხე და კოშკი დაარბიეს, მერე კი ოდიშში გადავიდნენ. და იქაურობა მოაოხრეს. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სამეგრელოს მთავარი დაუზავდა მეფეს, რომელიც ქუთაისში გაბრუნდა, იმერეთი შემოიმტკიცა და ოსმალნი დაითხოვა. გაზაფხულზე შოშიტა ერისთავმა და ზურაბ აბაშიძემ მეფეს კვლავ სიმონ აბაშიძე მიუჩინეს, რომელმაც გიორგი თხმელისციხეში დაპატიჟა და ნადიმზე ვერაგულად მოაკვლევინა (1720). |
ერთიანი საქართველოს მეფე 1308-1314 წლებში. დავით VIII-ს ძე. მონღოლებმა გიორგი ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეშივე გაამეფეს და მეურვედ დაუნიშნეს დემეტრე II-ს ვაჟი გიორგი (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე). 1308-1314 წლებში გიორგი მეფეს წარუმატებლად ულაშქრია დასავლეთში, რის შემდეგაც მისი ხელისუფლება საბოლოოდ დასუსტდა. გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა. სხვა ცნობები გიორგი VI-ს მოღვაწეობის შესახებ არ მოგვეპოვება |
ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში. ბაგრატ V-ის ძე. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი - ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება. 1403 წელს თემურლენგმა ზავი დადო გიორგი VII-თან, რომლის პირობების თანახმად ქართველთა მხარეს ხარკის გადახდა, ჯარის გამოყვანა, სამიმოსვლო გზების დაცვა ევალებოდა. სამაგიეროდ, თემურლენგი საქართველოს ხელშეუხებლობას აღუთქვამდა და ცნობდა როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. 1405 წელს თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგიმ წარმატებიტ ილაშქრა ჩრდილოეთ ირანსა და აზერბაიჯანში. გიორგი VII 1407 წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში. |
ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე 1446-1466 წლებში, კახეთის პირველი მეფე (გიორგი I-ის სახელით)1466-76 წლებში. ალექსანდრე I-ის და დედოფალ თამარის ვაჟი. გამეფდა 1446 წლს თავის ნახევარძმის, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ. 1453-54 წწ. მას აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი. გიორგი VIII შეეცადა განმდგარი ქეშევრდომის დამორჩილებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. 1459 წელს საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის პიუს II-ის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან ქართველ მეფე-მთავრებს იმ ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის შექმნასაც ცდილობდა რომის პაპი. 1460-1461 წლებში ევროპაში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველ ელჩები. გიორგი VIII-ს ნიკოლოზ თბილელი წარმოადგენდა. კოალიციის შექმნის შემთხვევაში გიორგი მეფე 40 000-იანი ჯარის გამოყვანას კისრულობდა. კოალიციის მზადების მომენტში მეფესა და მთავრებს შორის მშვიდობა სუფეთა. სამწუხაროდ, ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა. 1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში ბაგრატ ერისთავმა დაამარცხა გიორგი VIII და თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. განცდილი მარცხის მიუხედავად გიორგი მეფე ცდილობდა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას. მან გადაწყვიტა სამცხის მთავარი ყვარყვარე დაემორჩილებინა. 1465 წელს ფარავნის ტბასთან გამართულ ბრძოლაში მეფე კვლავ დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა ათაბაგს. ამით ისარგებლა ბაგრატმა, გადმოვიდა ქართლში, აიღო თბილისი და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარე ჯაყელმა მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა. მას სურდა ბაგრატსა და გიორგის ერთმანეთი დაესუსტებინათ, ამიტომ ათაბაგმა გიორგი VIII გაათავისუფლა, მაგრამ გიორგიმ ქართლი ვეღარ დაიბრუნა. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ კახეთი დაიკავა და იქ გამეფდა. ასე ჩაეყარა საფუძველი 1466 წელს კახეთის სამეფოს, რომლის პირველი მეფე გიორგი I, იგივე ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII იყო. გიორგიმ კახეთში დიდი რეფორმები ჩაატარა - გააუქმა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შექმნა. სამეფო დაყო ოთხ სადროშოდ, რომლებსაც სათავეში ეპისკოპოსები (ბოდბელი, რუსთველი, ალავერდელი, ნეკრესელი) ჩაუყენა, 1476 წელს გიორგი I გარდაიცვალა. |
ქართლის მეფე 1525-1527 წლებში. კონსტანტინე II-ის ძე. იგი ტახტზე ავიდა თავისი ძმის დავით X-ის ბერად შედგომის შემდეგ, ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, მეფობა დავითის შვილზე - ლუარსაბზე უნდა გადასულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მეფობა ხელთ უგდია მის ბიძას გიორგის. გიორგი IX-მ ილაშქრა იერუსალიმის წმიდა ადგილების უსჯულოთაგან გასათავისუფლებლად. ამ ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ იმერეთისა და კახეთის მეფეებს - ბაგრატ III-სა და ლევანს. ქართველებს სასტიკ ბრძოლაში გაუმარჯვიათ და გაუთავისუფლებიათ წმიდა ადგილები, რის შედეგადაც მიუღიათ "ქრისტეს საფლავი. გოლგოთა, ბეთლემი, ჯვარის მონასტერი და სხვანი მონასტერნი ყოველნივე.... სიგლითა მტკიცითა". გიორგი IX-ს ტახტისათვის ებრძოდა მისი ძმისწული, ტახტის კანონიერი მემკვიდრე ლუარსაბი, მალე ბრძოლა ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. 1527 წლიდან საბუთებში მეფედ უკვე ლუარსაბ I იხსენიება. გიორგი IX კი 30-იანი წლების დასაწყისში საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკურ ასპარეზს და აღიკვეცა ბერად გერასიმეს სახელით. |
ქართლის მეფე 1599-1606 წლებში, სვიმონ I-ის ძე. 1598-1599 წწ. იგი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის აჯანყებაში. 1599 წ. ნახიდურთან ბრძოლაში ქართველთა დამარცხებისა და სვიმონ I-ის დატყვევების ამბავი გორში დაბანაკებულმა გიორგი ბატონიშვილმა მეორე დღეს გაიგო. გაქცეულს მტერს თავისი მხედრები დაადევნა, მაგრამ მეფისა და სხვა ქართველი ტყვეების დახსნა ვერ შესძლო. ქართლის ტახტზე ასული გიორგი X დიდი გამოსასყიდის ფასად შეეცადა სახელოვანი მამის ტყვეობიდან დახსნას, თავისი ვაჟი დავითი მძევლადაც კი გაგზავნა სტამბოლს, მაგრამ ეს ღონისძიებანი უშედეგო აღმოჩნდა. 1601 წ. გიორგი X-მ ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე.1602-1612 წწ. ირან-ოსმალეთის ომის დროს იძულებული იყო ყიზილბაშთა მხარეს ებრძოლა. ქართლის ჯარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1603-1604 წწ. ერევნის აღებაში, რისთვისაც შაჰ აბას I-მა გიორგი X-ს ირანში სოფელები (ფუშთუქუნი, გილიანი, ლაჰიჯანი უბოძა. 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა და ირანში დატოვა. სამაგიეროდ კი, ლორეს პროვინცია და მდ. დებედას ხეობა გამოსთხოვა. 1604 წ. გიორგი X შაჰ აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. გიორგი X-ის მეფობისას საფუძველი ჩაეყარა ქართლისა და რუსეთის პოლიტიკურ ურთიერთობას. მეფე გიორგიმ ელჩებიც გაგზავნა რუსეთს. მაგრამ საქართველოში შექმნილი გართულებული პოლიტიკურივ ითარების გამო 1605 წ. ელჩები არაგვის ხეობიდან უკან დაბრუნდნენ. 1606 წ. გიორგი X მოულოდნელად გარდაიცვალა მეჯვრისხევს. ქართული ქრონიკის მიხედვით მეფე გიორგით თაფლს მიირთმევდა “შიგ ფუტკარი იყო. პირში რომ ჩაიდვა, უცა ფუტკარმა, პირი გაუსივა და მიიცვალა”. სხვა ვერსიის მიხედვით, მეფე გიორგი იმ დროს საქართველოში მყოფმა შაჰ აბას I-მა მოაწამვლინა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე ლუარსაბ II. |
ქართლის მეფე 1676-1688 და 1703-1709 წლებში, ვახტანგ V-ის მეორე ძე. 1676 წ. შაჰმა გიოგი XI ქართლის მეფედ დაამტკიცა. მაჰმადიანობა მიაღებინა, შაჰ ნავაზ-ხანი უწოდა და საქართველოში გამოისტუმრა. გიორგი XI-ის მეფობა ქართლში (1676-1688 წწ.) აღინიშნა ფეოდალური ანარქიის რამდენადმე გაძლიერებით. იგი მამამისზე, ვახტანგ V-ზე მეტად იჩენდა მისწრაფებას მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისაკენ. ირანელთა ბატონობისაგან გათავისუფლების მიზნით, მან დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან; ქართლიდან არ გააძევა ირანის შაჰის ურჩი თავისი ძმა არჩილი, პირიქით. გიორგის დახმარებით არჩილი არა ერთხელ გამეფდა იმერეთში. შაჰს არ მოსწონდა გიორგის კავშირი რაჭის ერისთავთან. ჩერქეზ ბატონებთან, აგრეთვე ის, რომ ზედმატად მფარველობდა საქართველოში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ყოველივე ამან ირანთან ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია. შაჰმა გიორგის ოსმალეთში გაქცეული ძმის, არჩილის შეპყრობა და ირანში გაგზავნა დაავალა. გიორგიმ დავალება არ შეასრულა. მან შეუტია სპარსული ორიენტაციის თავადებს და კახეთის დაკავება და იქიდან ირანელთა მიერ დასმული რენეგატი ბეჟან ხანის გაძევება დააპირა. მაგრამ შინა გამცემლობის გამო ეს განზრახვა ჩაეშალა. ყოველივე ამის გამო, 1688 წ. შაჰმა გიორგი XI გადააყენა და მის მადგილზე კახეთის ტახტის მემკვიდრე, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე I ნაზარალი-ხანი დანიშნა. გიორგი XI იმერეთს გადავიდა და თავის პოლიტიკურ მოკავშირეს – პაპუნა რაჭის ერისთავს შეეხიზნა. ამის შემდეგ იგი არა ერთხელ ამაოდ შეეცადა ქართლის ტახტის დაბრუნებას; საბოლოოდ, კი შაჰს ეახლა ირანში და პატიება სთხოვა. ირანში გაუარესებულმა შინაპოლიტიკურმა ვითარებამ შაჰ ჰუსეინს გადააწყვეტინა, შერიგებოდა გიორგი XI-ს და მისი მხედართმთავრული ნიჭი გამოეყენებინა აჯანყებულ ავღანელთა წინააღმდეგ. 1703 წ. შაჰ ჰუსეინმა გიორგი XI-ს დაუბრუნა ქართლის მეფობა, მაგრამ საქართველოში არ გამოუშვა. იგი დანიშნა ყანდაარის (ავღანეთში) ბეგლარ-ბეგად და ირანის სპასალარად და აჯანყებულ ავღანთა წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნა; ქართლში კი, გიორგი XI-ის თხოვნით, გამგებლად მისი ძმის, ლევანის ძე ვახტანგი დაადგინა (ვახტანგ VI). ქართველებმა გიორგი XI-ის მეთაურობით ადვილად შემუსრეს ავღანელ მეამბოხეთა შეიარაღებული რაზმები. ამის გამო ქართლის მეფემ ავღანელთა სიძულვილი დაიმსახურა. მას განსაკუთრებით მტრობდა ავღანელი ტომების განმათავისუფლებელი ბრძოლის მეთაური მირ-ვეისი. მან დანათესავება შესთავაზა ქართველ მეფეს, თავისთან მიიტყუა და 1709 წლის 21 აპრილს, ნადიმობის ჟამს ვერაგულად მოკლა. შაჰის წინაშე თავის მართლების მიზნით, მოკლულ მეფეს მირვეისმა “აჰყარნა ხატნი და ჯუარნი და... ფსალმუნი”, რომელსაც მუსლიმანობას ნაზიარევი გიორგი XI მუდამ თან ატარებდა და შაჰს გაუგზავნა, როგორც “საბუთი” გულით ქრისტიანი მეფის “ორგულობისა”. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით. “იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა. შუენიერ-ჰაეროვანი. პირმხიარული, ენატკბილი, უხვ და მრისხანე. მოისარ-მოასპარეზე უებრო”. |
ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში, ერეკლე II-სა და ანა დედოფლის ძე. 60-იანი წლებიდან მონაწილეობას იღებს სახელმწიფო საქმეებში. მხარი არ დაუჭირა პაატა ბატონიშვილის მომხრეთა სასტიკ დასჯას. მონაწილეობდა 1770 წელს ახალციხეზე მოწყობილ ლაშქრობაში, რომლის დროსაც ცხარე კამათი მოუვიდა ტოტლებენთან (როცა ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა ბრძოლის ველის მიტოვება). კრწანისის ბრძოლის დროს იმყოფებოდა კახეთში. ჯერ კიდევ გამეფებამდე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალ დარეჯანთან და სხვა ბატონიშვილებთან. 1798 წელს, ტახტზე ასვლისას, გიორგი XII (პ. იოსელიანი მას შეცდომით უწოდებს გიორგი მეცამეტეს) უკვე მძიმე ავადმყოფი იყო. გამეფების შემდეგ სცადა ბატონიშვილების დამორჩილება, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა ”მორიგე ჯარის” აღდგენას, სომხებში მართლმადიდებლობის დანერგვას. დაიწყო სტამბის აღდგენა. 1799 წ. 26 ნოემბერს თბილისში შემოვიდა რუსეთის ჯარის ერთი პოლკი გენერალ ლაზარევის მეთაურობით. 1800 წ. ნოემბერში ნიახურასთან ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა ავარიის მმართველი ომარ-ხანი. გიორგი XII-ს მუდმივი შიში ჰქონდა, რომ მას თუ არა, მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ, ამის გამო დათანხმდა მეფის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ტრაქტატით (რუსეთს მიეცა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება), ოღონდ მეფობა დარჩენოდა მის შთამომავლობას, იმპერატორმა პავლე I-მა მეფე გიორგი XII-ის თხოვნით, მისი უფროსი ვაჟი, დავითი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. რუსეთს სურდა, რომ გიორგის თავად გაეუქმებინა სამეფო და ამ მიზნით დელეგაციაც კი გამოგზავნა. მაგრამ გიორგი XII მათ ჩამოსვლამდე, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოველში. |
|
|
$smenu_1$
|
|