|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 61-70 |
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
ტაო-კლარჯეთის (ქართუელთა)მეფე 958-994 წლებში. ბაგრატ მაგისტროსის ძმის სუმბატ კურაპალატის ძე. ბაგრატ III-ის, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის პაპა. დავით III დიდი მას ეკუთვნოდა ბიძაშვილისშვილად. ბაგრატი ტახტზე ახალგაზრდა ავიდა და ამიტომ მას უწოდებდნენ ”რეგუენს”(გამოუცდლს). იგი დავით III-ს 990 წ. დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. |
ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, მეფეთა-მეფის გურგენის და გურანდუხტ დედოფლის შვილი. X საუკუნის მეორე ნახევარში იწყება გადამწყვეტი ბრძოლა ერთიანი ქართული მონარქიის შექმნისთვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღება მიიქცია მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნებამ, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრე იყო. ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ II-ის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენ II-ის შვილი, ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ “წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწვა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოლა დედულად აფხაზეთი და ქართლი”. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხისთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა. დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს. ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს.დავით III-ის ენერგიული ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლის აგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადაეცა. 978 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელის შეწყობით და დავით ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს. უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას. ქართულ მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის. ბაგრატ III-ის უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანება იყო. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდაწვრილ და საშუალო აზნაურებს. ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები. რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, 980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოვიდა, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალური იყო. რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები: ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებდნენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი ჩაუდგა. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა, მდგომარეობა განიმტკიცა და ისევ აფხაზეთს გადავიდა. ასე დაამკვიდრა მან თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე. ჯერი კლდეკარის საერისთავოზე მიდგა: 989 წლის ზამთარს, ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს დაეცა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა. გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი. მანგლისის ხევი, სკვირეთი) შეავედრა შვილი და თვითონ “დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს”. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა. როგორც მოხელე-ერისთავს. 1001 წელს, როდესაც დავით III კურაპალატი გარდაიცვალა, ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II-მ დაიკავა. იქ მისულ ბაგრატ III-ს და გურგენ მეფეს, მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, მეორეს კი მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა. რადგან იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოხერხდა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე. წ. “იბერიის თემი”, საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. შემდეგში ეს ტერიტორიები საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა. 1008 წელს, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს შეუთვალა, დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომელიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა “უკუეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი”. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა (1009წ.). ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთს დასაპყრობად. ამ დროისათვის აქ კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატ III-მ ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა. ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში “წლითი წლამდისი” მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა, ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანი) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ. რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა. საქართველოს გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, უკიდურესი ზომებისთვის მიემართა. მან თავისი ნათესავები. კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯელის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში. შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა (1011წ.), სადაც ისინი გარდაიცვალნენ. მათი სამფლობელოები ბაგრატმა შემოიერთა. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და თვით სახელმწიფო “საქართველოს”. ბაგრატი იწოდებოდა “მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი”. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო. ბაგრატ III-ის მეფობაში აიგო ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი წეგლები: ბედიისა და ბაგრატის (ქუთაისი) ტაძრები, ნიკორწმინდა. ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში. ფანასკერტის ციხეში. დაკრძალულია ბედიას. |
საქართველოს მეფე, 1027-1027 წლებში. ძე გიორგი I-ისა, 1022 წელს, ოთხი წლისა მძევლად წაიყვანეს ბიზანტიას. დაბრუნდა სამი წლის შემდეგ. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ცხრა წლის ასაკში. დიდი მტრობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VII-სთან განხეთქილების ვაშლი ტაო იყო. 1030 წელს დედამისი მარიამი კონსტანტინოპოლს ეწვია, მშვიდობა აღადგინა იმპერატორ რომანოზ II-სთან, მისი ძმისწული ელენე კი ცოლად ჩამოუყვანა ბაგრატს. ელენე მალე მოკვდა უშვილოდ. ბაგრატმა მეორე ცოლად შეირთო ოვსთა მეფის ასული ბორენა, რომლისგანაც შეეძინა გიორგი (შემდგომ მეფე გიორგი II), მართა (იგივე მარიამი, შემდგომ ბიზანტიის დედოფალი) და კიდევ ერთი ასული (სახელი უცნობია). 1032 წლის ბაგრატმა, ეკლეცთან ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა განძის ამირა ფალდონი. ქვეყნის შიგნით დიდი მტრობა ჰქონდა ფეოდალებთან, განსაკუთრებით კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშთან. 1037-1038 წლებში ბაგრატმა ტფილისი ალყაში მოაქცია და ის იყო კიდეც უნდა აეღო, მაგრამ სამხრეთიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევის საფრთხემ იძულებული გახადა ტფილისის ამირას დაზავებოდა. 1044 წელს ბაგრატმა წარმატებით ილაშქრა კახეთს, მაგრამ მის შემოერთებას ხელი შეუშალა ზურგიდან ლიპარიტ ბაღვაშის გამოსვლამ. 1045 წელს მეფემ ატენთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხა ტახტის მოცილე ნახევარძმა დემეტრე (ოვსის ქალისაგან), რომელსაც მხარში უდგნენ ბიზანტიელები და ლიპარიტი. 1045 წელს ბაგრატმა, სომეხთა თხოვნით, დაიჭირა ქალაქი ანისი, 1045 წელს პირველად შეიერთა ტფილისიც, მაგრამ მალე, ისევ ფეოდალთა ღალატის წყალობით, ტფილისიც დაკარგა და ანისიც. 1047 წელს, სასირეთის ჭალაზე გაართულ ბრძოლაში ლიპარიტ ბაღვაშმა დაამარცხა ბაგრატი. იმავე წელს ისევ გაიმარჯვა ლიპარიტმა არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში. 1054 წელს ბაგრატი კონსტანტინოპოლს ჩავიდა და კეისარ კონსტანტინე მონომახოსს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა ისინი დააზავა. ლიპარიტმა ბაგრატის მეფობა აღიარა, თავისთვის მესხეთისა და ქართლის ერსითავთერისთავობა დაიმტკიცა. ბაგრატი ბიზანტიაში სამი წელი დარჩა. ამასობაში, ლიპარიტის დაბეჯითებითი მოთხოვნით საქართველოს მეფედ ბაგრატის მცირეწლოვანი ძე, გიორგი გამოცხადდა, რომელსაც მზრუნველად თვითონ ლიპარიტი დაენიშნა. 1057 წელს ბაგრატი მობრუნდა ბიზანტიიდან. მალე ამის შემდეგ მესხმა აზნაურებმა ლიპარიტი შეიპყრეს და ბაგრატს მოჰგვარეს. მეფემ იგი ბერად აღკვეცა, საქართველოდან ბიზანტიაში გააძევა. ამრიგად სამეფო ხელისუფლებამ გაიმარჯვა, რაც საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერების საწინდარი იყო. 1060 წელს ბაგრატმა დროებით შემოიერთა ჰერეთ-კახეთი. 1065 და 1068 წლებში თურქ-სელჩუკებმა, სულტან ალფ-არსლანის მეთაურობით ორჯერ სასტიკად ააოხრეს საქართველო. 1069 წელს ბაგრატმა გაანადგურა საქართველოში შემოჭრილი განძის ამირა ფადლონი. იმავე წელს ბაგრატმა მეორედ აიღო ტფილისი, მაგრამ შიგ ისევ არაბი ამირა ჩააყენა და ყოველწლიურად ხარკად 44000 დრაჰკანი დააკისრა. 1070 წელს ბაგრატმა ქართველთა და მოკავშირე-მოყვარე ოვსთა ჯარები, უფლისწულ გიორგის სარდლობით, განძას შეუსია და ფადლონი ერთხელ კიდევ გაანადგურა. 1071 წელს ბაგრატის ასული მართა (მარიამი) ბიზანტიის დედოფალი შეიქნა, მისი მეუღლე მიხეილ VII დუკა პარაპინაკი, აქამდე უფლისწული, უკვე ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ჯდება. 1072 წელს, 24 ნოემბერს, მეფე ბაგრატ VI გარდაიცვალა “მუცლის სალმობით”. დაკრძალეს ჭყონდიდს. გამეფდა 9 წლისა, იმეფა 45 წელიწადი, გარდაიცვალა 56 წლის. |
იმერეთის მეფე 1660-1661, 1663-1665, 1667-1678, 1679-81 წლებში, ალექსანდრე III-ის ძე. მეფედ ქუთაისში აკურთხეს. ბაგრატ IV-ის პოლიტიკამ ხელი შეუწყო ფეოდალური შინაომების გაღრმავებას, თავადთა თვითნებობას, ტყვეებით ვაჭრობის გაძლიერებას. მეფის დედინაცვალმა -დარეჯანმა, რომელიც ქვეყნის ფაქტიური გამგებელი იყო, ბაგრატს ცოლად შერთო თავისი ძმის, თეიმურაზ I-ის ვაჟის, დავითის ასული ქეთევანი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მისივე ბრძანებით ბაგრატი დააბრმავეს და ტახტიდან გადააყენეს, თვითონ დარეჯანი კი ვახტანგ ბაგრატიონს მისთხოვდა, რომელიც იმერეთის ბაგრატიონთა შორეული ნათესავი იყო და ჭუჭუნიაშვილის ზედწოდებით იცნობდნენ. ვახტანგი მეფედ გამოაცხადეს. ბაგრატის მომხრეებმა დახმარებისათვის ახალციხის ფაშას, ასლანს მიმართეს, რომელსაც დადიან-გურიელიც მიემხრნენ და იმერეთში ჯარით შემოვიდნენ: დარეჯანი, ვახტანგი და ქეთევანი შეიპყრეს, ვახტანგს თვალები დასთხარეს და ახალციხეში წაიყვანეს, იქიდან კი ოლთისში გააგზავნეს. ვამეყ III-მ თავისი თავი მეფედ გამოაცხადა (1660). იმერეთში ატეხილი არეულობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცადა ქართლის მეფე ვახტანგ V (1658-1675), რომელსაც ზემო იმერლებიც მხარს უჭერდნენ, და იმერეთისაკენ დაიძრა. ვამეყ დადიანი (მას ქვემო იმერეთის თანადგომის იმედი ჰქონდა) დაუზავდა ქართლის მეფეს, იმერეთი შუაზე გაიყვეს და საზღვარი მდ. ბუჯისხევზე გადეს. მაგრამ მალე ზავი დაირჯვა; ვახტანგ V დემეტრე გურიელისა (1660-1664) და პაატა აბაშიძეს დაუკავშირდა. იმერეთში შემოსულ ქართლის მეფეს დადიანმა შებრძოლება ვერ გაუბედა და სვანეთში გადავიდა. ვახტანგმა ქუთაისი აიღო და ბაგრატთან ერთად ოდიშზე ილაშქრა; დადიანობა ლევან II-ის ძმისწულს, შამადავლე იოსების ძეს გადასცა, რომელმაც ბიძის პატივისცემით ლევანი დაირქვა (1661-1680). ვახტანგმა ლევან III დადიანს სილამაზით განთქმული თავისი ძმისწული, თამარი შერთო, რომელიც შემდეგ მეფე-მთავრების ტრფიალისა და დავის საგანი გახლა. ქუთაისში დაბრუნებულმა ვახტანგ V-მ თავისი 14 წლის ვაჟი არჩილი დასვა მეფედ. თვითონ კი ქართლში გადავიდა და ბაგრატიც თან წაიყვანა (1661). არჩილის გამეფებით გამწვავდა ირან-ოსმალეთის ურთიერთობა ქართლის მეფესთან. ამიტომ ვახტანგი იძულებული გახდა იმერეთის ტახტზე ბაგრატ IV დაებრუნებინა, რომელიც ტახტს შვილი წლის მნძილზე ინარჩუნებდა, თუმცა სისხლისმღვრელი შინაფეოდალური ომები არ წყდებოდა. 1663 წელს ლევან III ბაგრატთან ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. არჩილ II-სა და გიორგი III გურიელის (1664-1684) გაერთიანება რომ ჩაეშალა, ბაგრატმა გურიელს თავისი ასული დარეჯანი მიათხოვა, მაგრამ ახალციხიდან სურამში მოსულ არჩილს, რომელსაც ლევან დადიანი და იმერნი მიემხრნენ,ვერ შეებრძოლა. კვლავ დათმო ტახტი (1678) და თვითონ გურიაში წავიდა. ბაგრატმა გურიელის შუამდგომლობით დახმარება სთხოვა ახალციხის ფაშას, რომელმაც სულთანს საქმის ვითარება მოახსენა. 1679 წელს სულთნის ბრძანებით ბაგრატს მეფობა დაუბრუნეს. იმერეთის მეფე ტახტის შემომტკიცებასა და ჯარის შეკრებას შეუდგა, ოდიში დალაშქრა, მაგრამ მალე, 1681 წელს გარდაიცვალა. ბაგრატ IV გელათში დაკრძალეს. |
საქართველოს მეფე, 1027-1027 წლებში. ძე გიორგი I-ისა, 1022 წელს, ოთხი წლისა მძევლად წაიყვანეს ბიზანტიას. დაბრუნდა სამი წლის შემდეგ. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ცხრა წლის ასაკში. დიდი მტრობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე VII-სთან განხეთქილების ვაშლი ტაო იყო. 1030 წელს დედამისი მარიამი კონსტანტინოპოლს ეწვია, მშვიდობა აღადგინა იმპერატორ რომანოზ II-სთან, მისი ძმისწული ელენე კი ცოლად ჩამოუყვანა ბაგრატს. ელენე მალე მოკვდა უშვილოდ. ბაგრატმა მეორე ცოლად შეირთო ოვსთა მეფის ასული ბორენა, რომლისგანაც შეეძინა გიორგი (შემდგომ მეფე გიორგი II), მართა (იგივე მარიამი, შემდგომ ბიზანტიის დედოფალი) და კიდევ ერთი ასული (სახელი უცნობია). 1032 წლის ბაგრატმა, ეკლეცთან ბრძოლაში, სასტიკად დაამარცხა განძის ამირა ფალდონი. ქვეყნის შიგნით დიდი მტრობა ჰქონდა ფეოდალებთან, განსაკუთრებით კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ ლიპარიტის ძე ბაღვაშთან. 1037-1038 წლებში ბაგრატმა ტფილისი ალყაში მოაქცია და ის იყო კიდეც უნდა აეღო, მაგრამ სამხრეთიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევის საფრთხემ იძულებული გახადა ტფილისის ამირას დაზავებოდა. 1044 წელს ბაგრატმა წარმატებით ილაშქრა კახეთს, მაგრამ მის შემოერთებას ხელი შეუშალა ზურგიდან ლიპარიტ ბაღვაშის გამოსვლამ. 1045 წელს მეფემ ატენთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხა ტახტის მოცილე ნახევარძმა დემეტრე (ოვსის ქალისაგან), რომელსაც მხარში უდგნენ ბიზანტიელები და ლიპარიტი. 1045 წელს ბაგრატმა, სომეხთა თხოვნით, დაიჭირა ქალაქი ანისი, 1045 წელს პირველად შეიერთა ტფილისიც, მაგრამ მალე, ისევ ფეოდალთა ღალატის წყალობით, ტფილისიც დაკარგა და ანისიც. 1047 წელს, სასირეთის ჭალაზე გაართულ ბრძოლაში ლიპარიტ ბაღვაშმა დაამარცხა ბაგრატი. იმავე წელს ისევ გაიმარჯვა ლიპარიტმა არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში. 1054 წელს ბაგრატი კონსტანტინოპოლს ჩავიდა და კეისარ კონსტანტინე მონომახოსს ლიპარიტთან შერიგების შუამდგომლობა სთხოვა. კეისარმა ისინი დააზავა. ლიპარიტმა ბაგრატის მეფობა აღიარა, თავისთვის მესხეთისა და ქართლის ერსითავთერისთავობა დაიმტკიცა. ბაგრატი ბიზანტიაში სამი წელი დარჩა. ამასობაში, ლიპარიტის დაბეჯითებითი მოთხოვნით საქართველოს მეფედ ბაგრატის მცირეწლოვანი ძე, გიორგი გამოცხადდა, რომელსაც მზრუნველად თვითონ ლიპარიტი დაენიშნა. 1057 წელს ბაგრატი მობრუნდა ბიზანტიიდან. მალე ამის შემდეგ მესხმა აზნაურებმა ლიპარიტი შეიპყრეს და ბაგრატს მოჰგვარეს. მეფემ იგი ბერად აღკვეცა, საქართველოდან ბიზანტიაში გააძევა. ამრიგად სამეფო ხელისუფლებამ გაიმარჯვა, რაც საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერების საწინდარი იყო. 1060 წელს ბაგრატმა დროებით შემოიერთა ჰერეთ-კახეთი. 1065 და 1068 წლებში თურქ-სელჩუკებმა, სულტან ალფ-არსლანის მეთაურობით ორჯერ სასტიკად ააოხრეს საქართველო. 1069 წელს ბაგრატმა გაანადგურა საქართველოში შემოჭრილი განძის ამირა ფადლონი. იმავე წელს ბაგრატმა მეორედ აიღო ტფილისი, მაგრამ შიგ ისევ არაბი ამირა ჩააყენა და ყოველწლიურად ხარკად 44000 დრაჰკანი დააკისრა. 1070 წელს ბაგრატმა ქართველთა და მოკავშირე-მოყვარე ოვსთა ჯარები, უფლისწულ გიორგის სარდლობით, განძას შეუსია და ფადლონი ერთხელ კიდევ გაანადგურა. 1071 წელს ბაგრატის ასული მართა (მარიამი) ბიზანტიის დედოფალი შეიქნა, მისი მეუღლე მიხეილ VII დუკა პარაპინაკი, აქამდე უფლისწული, უკვე ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ჯდება. 1072 წელს, 24 ნოემბერს, მეფე ბაგრატ VI გარდაიცვალა “მუცლის სალმობით”. დაკრძალეს ჭყონდიდს. გამეფდა 9 წლისა, იმეფა 45 წელიწადი, გარდაიცვალა 56 წლის. |
ერთიანი საქართველოს მეფე 1359-1393 წლებში. დავით IX-ის ძე. ბაგრატ V-ის მეფობის პერიოდში (1366-67წწ.) თავი უჩენია შავი ჭირის ეპიდემიას. 1386 წელს საქართველოს თემურლენგი შემოესია. მიუხედავად ქართველთა მხრიდან გაწეული დიდი წინააღმდეგობისა, მან თბილისი მაინც აიღო (1386 წლის 21 ნოემბერი). უთვალავი და ურიცხვი ხალხი დაატყვევა. თემურლენგმა ყარაბაღში წაიყვანა დატყვევებული ბაგრატ მეფეც მეუღლე ანასთან და შვილ დავითთან ერთად და მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ გამოუშვა სამშობლოში. თემურლენგმა ბაგრატ მეფეს თან 12 000-იანი მონღოლთა ლაშქარი გამოაყოლა საქართველოს მოსახლეობის გასათათრებლად. ბაგრატ V ფარულად შეუთანხმდა თავის შვილს გიორგის და სთხოვა მას დახმარება. მართლაც, გიორგი ბატონიშვილი ჩაუსაფრდა ვიწრო ადგილებში შეყვანილ თემურლენგის მხედრობას, მთლიანად გაანადგურა და მამა იხსნა მტრისაგან. ამის საპასუხოდ განრისხებული თემურლენგი. 1387 წელს. კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ V მომზადებული დახვდა მტერს და სასტიკი წინააღმდეგობაც გაუწია. მიუხედავად ამისა ”სპითა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნეს თათარნი”. მართალია, ამ ომში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ მოასწავებდა საქართველოს დაპყრობა-დამორჩილებას. ბაგრატ V 1393 წელს გარდაიცვალა. |
იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში, ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში, ძე საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის ძის გიორგის (1408-1457). 1455 წლიდან ეკავა ქუთაისის ''საქუეყნოდ განმრგის'' თანამდებობა. ოსმალთაგან 1453 წელს კონსტანტინეპოლისა და 1461 წელს ტრაპეზუნდის საკეისროს აღებამ საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა – იგი მთლიანად მაჰმადიანურ გარემოცვაში აღმოჩნდა. სიტუაცია მით უფრო მძიმე იყო, ვინაიდან ქვეყანა დაშლის გზაზე იყო შემდგარი. ბაგრატმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და სამცხის გამწვავებული ურთიერთობა გამოიყენა და 1462 წელს საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს (1446-1466) აუჯანყდა. მათ შორის ბრძოლები ადრეც მიმდინარეობდა და გამარჯვება ხან ერთ მხარეს რჩებოდა, ხან მეორეს, ამიტომ ზოგიერთი ცნობით, ბაგრატი ამ ამბებამდეც “მეფედ” იწოდებოდა. სამცხის ათაბაგმა ყვარყვარემ ბაგრატ II-ს გიორგი VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დადიან-გურიელის დახმარება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მათთვის გარკვეულ პრივილეგიებს მოითხოვდა. ბრძოლა 1463 წელს ჩიხორთან მოხდა. ბაგრატმა გაიმარჯვა და ქუთაისში მეფედ აკურთხეს. ჩიხორის მერე საქართველოს მეფემ სამცხეზე ილაშქრა. ყვარყვარე ათაბაგმა მას შებრძოლება ვერ გაუბედა და იმერეთში ბაგრატს შეეკედლა. სპარსთა ხელახალი შემოსევის გამო გიორგი VIII ქართლში დაბრუნდა და 1464 წ. სპარსელებთან ბრძოლაში დამარცხდა; ამის შემდეგ ყვარყვარემ, ბაგრატის დახმარებით, სამცხე დაიბრუნა. გიორგი VIII არ თმობდა თავის უფლებებს სამცხესა და იმერეთზე და 1465 წ. კვლავ გაილაშქრა სამცხეზე, მაგრამ ფარავანთან ყვარყვარეს ჩაუვარდა ტყვედ. ამით ისარგებლა ბაგრატმა, რომელსაც მხარი დაუჭირა ქართლის რამდენიმე ფეოდალმა, მათ შორის – დავით ბატონიშვილმა. კონსტანტინე ბატონიშვილი უმწეობის გამო იძულებული გახდა დამორჩილებოდა. 1466 წლის თებერვალში ბაგრატი ქართლში გადავიდა და თავი ბაგრატ VI-ის სახელით საქართველოს მეფედ გამოაცხადა. თუმცა რეალურად საქართველო უკვე დაშლილი იყო (რაშიც პირადად ბაგრატს საკმაო წვლილი მიუძღოდა) იმავე 1466 წელს გიორგი VIII სამცხიდან განთავისუფლდა და კახეთში გამეფდა - ამდენად ბაგრატი მხოლოდ ქართლ-იმერეთის მეფე იყო. მისი მეფობის პერიოდში საქართველოში შესაწირის შესაკრებად ჩამოდის ანტიოქიის პატრიარქი მიქაელი (1470-74-1484 წწ.), რომელიც ამავე დროს ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიების ურთიერთობით ინტერესდება და ეჭვქვეშ აყენებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამ დროს სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს ბაგრატ მეფე: მისი ინიციატივით მიქაელი ცაიშელ-ბედიელ ეპისკოპოს იოვაკიმეს “ლიხთ-იმერისა და აფხაზეთის კათალიკოზად” აკურთხებს (1470-1474). რითაც უგულებელყოფს აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უფლებებს. მიქაელსავე შეადგენინა ბაგრატმა “მცნება სასჯულო”: აქ გატარებული იყო აზრი, რომ რადგან აღმოსავლეთში წმ. ნინომ იქადაგა, დასავლეთში კი ანდრია მოციქულმა, ამიტომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები სხვადასხვა ეკლესიებიაო. ივ. ჯავახიშვილის შეფასებით, ამ ქმედებით “ქართული ეკლესიის თავისუფლება მოსპეს და გაანადგურეს”. ოსმალთაგან დამარცხებული აყ-ყონლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელი უზუნ-ჰასანი (1453-1478) რამდენიმე ლაშქრობას აწყობს საქართველოზე, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს დაშლას. ბაგრატი იძულებული გახდა ეკისრა ყოველწლიური ხარკი უზუნ ჰასანის სასარგებლოდ. 1477 წ. ქართლ-იმერეთის მეფეს ბრძოლა მოუხდა მისივე ნებით სამეგრელოში გამთავრებულ ვამეყ II დადიანთან, რომელიც დაამარცხა და ერთგულების ფიცის დადების შემდეგ დადიანად დატოვა; შემდეგ მასთან ერთად ქართლში დაბრუნდა და ციხეების ხელში ჩაგდებას შეეცადა. 1478 წელს ქართლ-იმერეთის მეფე რაჭაში გადადის. იქ იგი დასნეულდა და მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია გელათის მეფეთა საძვალეში. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრემ მხოლოდ იმერეთის მეფობა შეინარჩუნა. |
ქართლის მეფე 1615-1619 წლებში. დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე. იგი იმ დროს თბილისში მყოფმა შაჰ აბას I-მადასვა ლუარსაბ II-ის ნაცვლად ქართლის მმართველად. მართალია, ქართული წყაროები ბაგრატ VII-ს მეფეს უწოდებს, მაგრამ სინამდვილეში იგი ირანის ტიპიური მოხელე-ხანი იყო. ბაგრატ-ხანის მეფობა არაფრით ყოფილა აღსანიშნავი. იგი სახელმწიფო მოღვაწეობისა და ქვეყნის მმართველობის უნარს მოკლებული იყო და მთლიანად შაჰ აბასზე იყო დამოკიდებული. მისი მმართვეობის პერიოდში ძლიერ გააქტიურდნენ ქვეყნის დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ძალები, რამაც სათავადოთა სისტემის გაძლიერება გამოიწვია. ბაგრატის მეფობის დროს “იყოფოდნენ მთავარნი თვისთვსად და განიმკუდრებდენ თვსთა კერძოთ”. ბაგრატ VII, ფაქტიურად, ქვემო ქართვლის – საბარათიანოს მეფე იყო. ქართლის მოსახლეობაში გამაჰმადიანებულებმა მეფემ სიყვარული და მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. მას ქართველები დაცინვით “საბართიანოს ბატონს” ეძახდნენ. ბაგრატ VII, ძირითადად, ბოლნისში ცხოვრობდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1619 წელს. |
ლაზიკეს (კოლხეთი) მეფე ა.წ. II საუკუნეში, რომის იმპერატორ ანტონინუს-პიუსის (138-161) თანამედროვე. |
იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 143-125 წლებში. ძე არტაგ ჳ-სა. დაახლ. ძვ.წ. 125 წლისთვის, ადრე იბერიიდან გაძევებული ფარნაჯომის პართიაში გაზრდილი ვაჟი მირდატი პართიელთა ჯარის დახმარებით დაიპყრო იბერია, მოკლა ბარტომ I და მისი სიძეს, კოლხი უფლისწული ქართამი და თვითონ დაიკავა იბერიის ტახტი |
|
|
$smenu_1$
|
|